ელექტრომობილების ტექდათვალიერება გაიაფდა – ვაჟა იორდანიშვილი

“სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში ცვლილებები შევიდა, რის მიხედვითაც ელექტრომობილების ტექდათვალიაეება 20 პროცენტით გაიაფდა”, – ამის შესახებ „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ცვლილება შევიდა ორ რეგლემენტში: ეს არის 37-ე და 510-ე. 37-ე რეგლამენტი ინსპექტირების პერიოდულობას და საფასურების ითვალისწინებს, ხოლო 510-ე, – მოთხოვნებს ავტომობილების მიმართ.

რაც შეეხება პერიოდულობას და საფასურებს, საფასურების ნაწილში ელექტრომობილებს შეეხო ცვლილება. 20 პროცენტით გაიაფდა და სამოცი ლარის ნაცვლად ეღირება 48 ლარი, ეს ეხება მხოლოდ ელექტროძრავით აღჭურვილ ავტომობილებს.

ასევე პერიოდულობის მიმართულებით, ცვლილება შეეხო ტაქსებს, ტაქსები გამოშვებიდან ერთი წლის შემდეგ, წელიწადში ორჯერ გაივლიან ინსპექტირებას”, – აცხადებს ვაჯა იორდანიშვილი.

მისივე თქმით, პირველი, რაც ყველაზე მეტად აღელვებდათ მძღოლებს, ეს არის საქარე მინაზე არსებული ხარვეზები. ახალი რეგულაციით, დასაშვები გახდა საქარე მინაზე სამი წერტილოვანი დაზიანება არაუმეტეს 5 მილიმეტრისა.

„აქამდე ყველანაირი დაზიანებით ხარვეზდებოდა ავტომობილი, თუმცა გარკვეულწილად, შეღავათი გავრცელდა საქარე მინებზე არსებული ხარვეზების მიმართულებით. მაგრამ ეს რეგულაცია 2020 წლამდეა და, სავარაუდოდ, შემდეგ შეიძლება ესეც მოიხსნას.

ცვლილებები შევიდა მინების გამუქებაშის შემთხვევაშიც. საერთოდ ამოღებული იქნა მინების გამუქების შემოწმება ინსპექტირების ცენტრებში, შუქგამტარობაზე ბევრი პრეტენზია იყო, რასაც შესაბამისად პატრული აკონტროლებს გზებზე და ეს ასევე მათი კომპეტენცია იქნება. შუქგამტარობის შეზღუდვის გამო, ავტომობილი აღარ  დახარვეზედება.

რაც შეეხება ფერს, ინპეტირების ცენტრში აღარ მოხდება ავტომობილის ფერზე დახარვეზება, ანუ შეიძლება ავტომობილი სხვა ფერი იყოს და სარეგისტრაციო მოწმობაში ეწეროს სხვა. ასევე, თუკი საგზაო შემთხვევის შემდეგ მძღოლმა შეაკეთა ავტომობილი, მაგრამ ვერ მოასრო მისი შეღებვა, შესაძლებელი იქნება, მან გაიაროს ინსპექტირება“- აცხადებს ვაჟა იორდანიშვილი.

მისი თქმით, რეგულაცია მკაცრდება გამონაბოლქვის შემთხვევაში და თუ აქამდე გამონაბოლქვის ხარისხს მხოლოდ გამზომი ხელსაწყოთი ადგენდნენ, ამჯერად შესაძლებელი ხდება, ავტომობილი ვიზუალურად გამოხატული ჭარბკვამლიანობის შემთხვევაშიც დახარვეზდეს.

„გამონაბოლქვი ადრე მოწმდებოდა მხოლოდ და მხოლოდ გამზომი ხელსაწყოების მეშვეობით, ამ შემთხვევაში, თუკი გამზომმა ხელსაწყომ მისცა დადებითი შედეგი ავტომობილს, მაგრამ ვიზუალურად მაინც ჭარბკვამლიანობას ტოვებს, ცვლილების შედეგად, ინსპეტორს აქვს უფლებამოსილება, დაახარვეზოს ავტომობილი მიუხედავად იმისა, გამონაბოლქვი შესაბამის პარამეტრებში ჯდება თუ არა, ანუ ვიზუალურადაც შესაძლებელი გახდა ავტომობილის დახარვეზება ჭარბკვამლიანობის დროს“- განაცხადა ვაჟა იორდანიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები