“საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკის ხედვა არ გააჩნია” – 10 კილომეტრიანი კოლაფსი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მიმართულებით

“მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე საცობის პრობლემა აქამდეც არსებობდა, მაგრამ ასეთი მწვავე არასდროს ყოფილა. საქმე გვაქვს რამდენიმე კილომეტრიან საავტომობილო კოლონასთან, რომელიც გაჩერებულია საზღვრის მიმდებარედ, ქმნიან ავარიულ სიტუაციებს და სერიოზულ ეკოლოგიურ პრობლემებს”, – ამის შესახებ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი, „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობს.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ გზაზე არსებული საცობი ავარიულ სიტუაციებს ქმნის და ქვეყნის ეკოლოგიას აზიანებს, პრობლემას ქმნის ტურისტული მიმართულებითაც, რის გამოც ბევრი ადგილობრივი მაცხოვრებელი თუ ტურისტი გუდაურში დასვენებას თავს არიდებს.

„ძალიან ბევრი მიმართულებით ქმნის პრობლემებს, მათ შორის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მხრივ. ჩვენი ინფორმაციით, ბევრმა ადამიანმა გადაიფიქრა ჩასვლა გუდაურში, რადგან გადატვირთული მოძრაობა საფრთხეს უქმნის ტურისტულ განვითარებას, ქმნის ავარიულ სიტუაციებს და აზარალებს ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობას.

სახელმწიფოს არა აქვს ჩამოყალიბებული სატრანსპორტო პოლიტია და არ არსებობს კონკრეტული სტრატეგია ამ პრობლემის გადასაჭრელად.

მუდმივად გვესმის, რომ საქართველო უნდა იყოს სატრანპორტო ჰაბი, მაგრამ სამწუხაროდ, არაფერი მიდის იმისკენ, რომ გახდეს სატრანპორტო ჰაბი, რაც არის ცუდი მენეჯმენტის შედეგი“- აღნიშნავს დავით მესხიშვილი.

მისი თქმით, არსებული სიტუაცია მიუღებელი და სამარცხვინოა, მით უფრო მაშინ, როდესაც ევროკავშირის მთელი პრიორიტეტია, განიმუხროს სატრანპორტო მოძრაობა, ჩვენს შემთხვევაში პირიქით ხდება. მდგომარეობის გამოსწორება კი, სრულიად მარტივად, რკინიგზის საშუალებითაა შესაძლებელი, რასაც ტვირთის გადასაზიდად, ქვეყანაში, გაურკვეველი მიზეზების გამო არ იყენებენ.

„აქ ჩართული უნდა იყოს ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო…

ჩემი აზრით, ამ რამდენიმე პრობლემიდან, ერთი ყველაზე მთავარი არის რკინიგზასთან დაკავშირებული საკითხი. მივიღეთ უპრეცენდენტო შემთხვევა, რომ ტვირთის გადაზიდვა ტრაილერით უფრო იაფი ჯდება, ვიდრე რკინიგზით, ეს არის არანორმალური მდგომარეობა და მაშინ, როდესაც ევროკავშირის მთელი პრიორიტეტია, განიმუხროს სატრანპორტო მოძრაობა და გამოვიყენოთ ამ შემთხვევაში რკინიგზა, ჩვენთან პირიქით აღმოჩნდა, ადამიანებს არ სურთ რკინიგზით ტვირთის გადაზიდვა, თუ რატომ, ეს არის მთავრი შეკითხვა“! – აცხადებს მესხიშვილი „მთავარის“ პრესკლუბში.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხემძღვანელის თქმით, რკინიგზა ამ მხრივ უალტერნეტივო ტრანპორტი უნდა იყოს, თუმცა არსებობს გარკვეული ეჭვები, რომ ვიღაც მიზანმიმართულად, მისი როლის დაკნინებას ცდილობს.

„ჩვენ ამჯამად ვიძიებთ ინფორმაციას, თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი, პარალელურ რეჟიმში ვაწარმოებთ კვლევას იმ ადამიანებისა, ვინც ამ ბიზნესითაა დაკავებული, რატომ ურჩევნიათ ტრაილერებით იმოძრავონ და არა რკინიგზით? ასევე, რკინიგზაში რა ხდება მაშინ, როდესაც ის უნდა იყოს პრიორიტეტული და ყველანაირად მიმზიდველი სატრანსპორტო საშუალება, კონკურენციაში არც კი უნდა იყოს. რატომ ხდება ეს ყველაფერი?

გვაქვს ეჭვები, რომელი მიმართულებითაც ჩვენ ვმუშაობთ, რომ რკინიგზის მიმართ მიმდინარეობს მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც ემსახურება მისი, როგორც ტვირთის გადაზიდვის თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო სატრანპორტო საშუალების როლის დაკნინებას. ვატარებთ კვლევას და უახლოეს პერიოდში გვექნება პასუხი“, _ განაცხადა დავით მესხიშვილმა „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე.

მსგავსი თემები