,,თითოეული პოლიტიკოსი ორჯერ დაფიქრდება, ვიდრე პუტინთან საქმეს დაიჭერს”- ანდრეი კოსტინი

,,თითოეული პოლიტიკოსი, რომელიც საკუთარ თავს ცივილიზებულად მიიჩნევს ორჯერ დაფიქრდება, ვიდრე რუსეთის ლიდერთან საქმეს დაიჭერს,”-  ასე აფასებს უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, პუტინის დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ამიერიდან, რუსეთის პრეზიდენტს შეეშინდება რუსეთის ფარგლებს გარეთ გასვლა.

„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოფიციალურად არის გამოცხადებული ეჭვმიტანილად სამხედრო დანაშაულში. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ჰააგაში გასცა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან, დაკავებამდე, რუსეთის პრეზიდენტს, რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, როგორც ტერორისტი სახელმწიფოს ხელმძღვანელს, შეეშინდება რუსეთის ფარგლებს გარეთ გასვლა, რადგან არსებობს შესაძლებლობა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადასცენ. ეს ნიშნავს, რომ თითოეული პოლიტიკოსი, რომელიც საკუთარ თავს ცივილიზებულად მიიჩნევს და მომავალში იყურება, ორჯერ დაფიქრდება, ვიდრე რუსეთის ლიდერთან საქმეს დაიჭერს“, – განაცხადა ანდრეი კოსტინმა.

შეგახსენებთ, ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

მსგავსი თემები