2022 წლის IV კვარტალში საშუალო ხელფასი 309 ლარით გაიზარდა და 1 773 ლარი შეადგინა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.2 პროცენტით, 309.9 ლარით გაიზარდა და 1 773.7 ლარი შეადგინა.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით, რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი.

საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 672.6 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 61.8 პროცენტით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 726.7 ლარი (გაიზარდა 12.1 პროცენტით); მშენებლობა – 2 535.8 ლარი (გაიზარდა 14.8 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 455.1 ლარი (გაიზარდა 15.1 პროცენტით).

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 411.7 ლარით, ხოლო კაცების – 2 123.2 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 258.0 ლარი (22.4%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 355.3 ლარი (20.1%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 313.2 ლარით (19.6%) გაიზარდა და 1911.1 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (3 773.6 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 64.7 პროცენტით), ასევე ხელოვნება, გართობა და დასვენების (2 959.1 ლარი, გაიზარდა 18.3 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება.

 

 

მსგავსი თემები