,,ვრცელდება დეზინფორმაცია”- საქართველოს პარლამენტის აპარატი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტის აპარატის განცხადებით ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატი პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნებს არიგებს სიმართლეს არ შეესაბამება.

,,სოციალურ მედიაში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს პარლამენტის აპარატი პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნებს არიგებს.

 განვმარტავთ, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატის  ფუნქციას არ წარმოადგენს, საკუთარი ინიციატივით, პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნების ან სხვა საჩუქრების დარიგება.

 პარლამენტის აპარატის კანცელარიის მიერ ადრესატებამდე დაიგზავნა მოქალაქე ალექსანდრე ქოჩიაშვილის (ალქოჩარი) მიერ გამოგზავნილი, მისივე ავტორობით გამოცემული პუბლიკაცია. ადრესატებში განსაზღვრული იყო საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ფრაქციების, ასევე პოლიტიკური ჯგუფების წევრები.

 საქართველოს პარლამენტის აპარატის კანცელარია არ ახორციელებს კორესპონდენციების  გადარჩევას, არ ახდენს ადრესატების ფილტრაციას და ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას,”- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატი არიგებდა წიგნს, სახელწოდებით –  “ლუციფერის მხილება”

 

მსგავსი თემები