„პატარა მოედანზე ნავარჯიშევ სპორტსმენს, დიდ შედეგებს ვერ მოსთხოვ“ – ფიგურული სრიალის სპორტული ცენტრი 55 წლის გახდა

ფიგურული სრიალის ქართული ისტორია ბაკურიანში, გაყინულ ტბაზე, 1960 წელს დაიწყო. იმ დროისათვის, მხოლოდ 11 წლის, ამჯერად საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ქალაქ თბილისის მერიის მარინა ცერცვაძის სახელობის ფიგურული სრიალის სპორტული ცენტრის დირექტორი ირაკლი ჯაფარიძე, პირველივე დღიდან აქტიურად ჩაერთო ზამთრის სპორტის ამ მომხიბვლელ სახეობაში და დღემდე უამრავი წარმატების ავტორი და ჯილდოს მფლობელი, საქმის ერთგული და უდიდესი მოამაგეა.

წელს საციგურაო ცენტრი საიუბილეო თარიღს აღნიშნავს, 55 წლის გახდა. მისი ხელმძღვანელი ირაკლი ჯაფარიძე კი „მედიაცენტრ მთავართან“ ცენტრის დაარსების ისტორიას და მიღწეულ წარმატებებს იხსენებს:

გაყინულ ტბაზე დაწყებული ფიგურული სრიალის ისტორია

1960 წელს, მაშინდელმა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობები განევითარებინა, რადგან ორ წელიწადში ზამთრის სპარტაკიადა უნდა ჩატარებულიყო და მოსამზადებლად დრო სჭირდებოდათ. შეიქმნა ჰოკეის გუნდი, ყინულზე მორბენლების, ტრამპლინიდან მხტომელების, სამთო-სათხილამურო და მოციგურავეების ჯგუფები, ჩამოვიდა რამდენიმე მწვრთნელი რუსეთიდან და ასე დაიწყო ზამთრის სხვადასხვა სახეობის სპორტის განვითარება საქართველოში.

ფიგურული სრიალის ისტორია ბაკურიანში, გაყინულ ტბაზე, 1960 წელს დაიწყო. შეიკრა პირველი გუნდი და წარმატებებმაც არ დააყოვნა.

„11 წლისა ვიყავი, როცა ფიგურული სრიალის პირველი გუნდი „მზიური“ შეიკრიბა. თავიდან გორგოლაჭებით სრიალი დავიწყეთ, რომ შემდეგ ყინული იოლად აგვეთვისებინა. ბაკურიანში იყო პირველი შეკრება, გაყინულ ტბაზე. საკმაოდ კარგად ავითვისეთ. პირველი ნაკადი ირინა არხანგელსკაია, მე, თენგიზ ხანიაშვილი, იურა გუგულაძე, ლეილა დოლიძე, თამრიკო ანჯაფარიძე, მარინა ცინცაბაძე ვიყავით. მწვრთნელი გვყავდა რუსეთიდან ედუარდ პლინერი, რომელმაც ეს გუნდი ჩამოაყალიბა. ასე რომ, პირველი ნაბიჯები ტბაზე ავიდგით და წარმატებებიც მალევე მოვიდა.

ცოტა ხანში მწვრთნელმა, სავარჯიშოდ ჩემი რუსეთში წაყვანა გადაწყვიტა. 1963 წელს, უკვე ჩატარდა საბჭოთა კავშირის პირველობა ახალგაზრდებს შორის, სადაც პირველი ადგილი ავიღე. ამან გამოიწვია ჟურნალისტების და სფეროს სპეციალისტების დაინტერესება და დადგა საკითხი, რატომ არ უნდა იყოს ხელოვნური ყინული იქ, სადაც ახალგაზრდები ყოველგვარი პირობის გარეშე ამდენს აღწევენ? ამგვარად, 1964 წლიდან დღემდე, ეს ერთადერთი საციგურაო მოედანი თბილისში, ამ ტერიტორიაზეა განთავსებული“, – იხსენებს ირაკლი ჯაფარიძე „მთავართან“ საუბარში. 

მალე ირაკლი ჯაფარიძე საბჭოთა კავშირის ათეულშიც შევიდა, თუმცა მიღებული ტრავმის გამო, აქტიურ სპორტს ვეღარ გაჰყვა. სწავლა მაშინდელ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ინჟინერ-ქიმიკოსის სპეციალობაზე განაგრძო, მაგრამ სპორტის სიყვარულმა სძლია და 18 წლის ასაკში მწვრთნელობა დაიწყო.

„როგორ შეიძლება, საბჭოთა კავშირის თასი წავიდეს საქართველოში, სადაც ყინულიც კი არ არის?“

60-იან წლებში საუკეთესო შეგედები ჰქონდათ: ნოდარ სარაჯიშვილს, ქეთინო გუჯაბიძეს და გია იაშვილს. დაიწყო 70-იანი წლები, მაგრამ ყინულის სიმცირის გამო, იცოდნენ, რომ წარმატების მიღწევა გაუჭირდებოდათ და სავარჯიშოდ, მოციგურავეები რუსეთში დადიოდნენ.

„პატარა იყო ჩვენთან ყინული და ვიცოდით, რომ ამ ყინულზე არაფერი გაკეთდებოდა. იმ პერიოდში იყო იმის საშუალება, რომ შეკრებებზე გვევლო რუსეთში და ძირითადად, იქ ვვარჯიშობდით.

„სენსაცია მოხდა 1975 წელს, საბჭოთა კავშირის თასის გათამაშებაზე, სადაც უძლიერესი გოგონები გამოდიოდნენ. საბჭოთა კავშირის თასი მოიგო ჩვენი სკოლის გაზრდილმა, ამ შეკრებებზე ნავარჯიშევმა მარინა ცერცვაძემ. ეს ამბავი სენსაციად შეაფასეს. თითქმის მთელი საბჭოთა პრესა იყო აღფრთოვანებული ამ ფაქტით და წერდა, რომ „როგორ შეიძლებოდა, საბჭოთა კავშირის თასი წასულიყო საქართველოში, სადაც ყინულიც კი არ არის?“

ფაქტობრივად, პირველ დიდ წარმატებას, ჩვენს ცენტრში აღზრდილმა გოგო-ბიჭებმა 1972 წელს, საკავშირო ტურნირზე მიაღწიეს. გოგონათა შორის მარინა ცერცვაძემ აიღო ოქროს მედალი, ლია გაბელაია კი მესამე ადგილზე გავიდა“, – აღნიშნავს ირაკლი ჯაფარიძე.

1976 წელს მარინამ ზედიზედ მეორედ მოიგო ეს თასი და შევიდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში. პირველად ამ სპორტის ისტორიაში, მარინა ცერცვაძემ შეასრულა ყინულზე სამმაგი ბრუნი, რაც დაფიქსირდა როგორც რეკორდი. 2016 წლამდე პოსტსაბჭოთა კავშირის ქვეყნებს ეს რეკორდი არ მოუხსნია“, – აღნიშნავს ჯაფარიძე „მთავართან“. 

ასეთი შედეგების შემდეგ დადგა საკითხი, რომ კიდევ მეტი წარმატების მისაღწევად, დიდი ყინული იყო საჭირო. საკითხის გადაწყვეტა 1978 წელს, რუსეთიდან ჩამოსულ მსოფლიოს ექს-ჩემპიონთან და ევროპის ჩემპიონებთან შეხვედრისას სცადეს, მაგრამ უშედეგოდ.

„1978 წელს ჩამოვიდნენ მსოფლიოს ექს-ოლიმპიური ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონები რუსეთიდან, საჩვენებელი გამოსვლები და ასევე, მარინა ცერცვაძის გაცილება მოეწყო სპორტის სასახლეში. ორჯერ თასის მფლობელმა, საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრმა, მარინამ ტრავმა მიიღო და ნაადრევად დაიწყო მწვრთნელობა. იმ შეხვედრაზე გადაწყდა ელიავას ტერიტორიაზე მსოფლიო დონის სტანდარტების მქონე მოედინის გაკეთება, პროექტიც მომზადდა, მაგრამ, სამწუხაროდ, გეგმა ჩაიშალა“, – აცხადებს ირაკლი ჯაფარიძე.  

მისივე თქმით, გუნდს უდიდესი წარმატება 1982 წელს, მსოფლიო ჩემპიოტანზე, საბჭოთა კავშირიდან წარდგენილმა ერთადერთმა გოგონამ, ნელი დვალიშვილმა მოუტანა, რომელმაც იუნიორთა შორის მე-4 ადგილი დაიკავა. დღემდე, ეს შედეგი არ არის გაუმჯობესებული. იმავე წლებში კი, ნიჭიერი მოციგურავე ლია სამხარაძე საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა.

„შენ თვალები გაქვს, საერთოდ“? – სიყვარული და ოჯახი

18 წლის ასაკში, უკვე დაოჯახებაზე ფიქრობდა, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს, ბედისწერას, ამ შემთხვევაში, გარკვეული როლი აკისრია. გარდა ამისა, სხვა პროფესიის ადამიანი ძნელად თუ შეეგუებოდა სპორტსმენის „მომთაბარე ცხოვრებას“ და შეიყვარებდა საქმეს, რასაც მეუღლე აკეთებს.

მისი მომავალიც, შეიძლება ითქვას, რომ დედის ერთმა სიტყვამ განსაზღვრა და გოგონა, რომელსაც წლების განმავლობაში ასწავლიდა და შემდეგ მასთან ერთად მუშაობდა, მისთვის აღმოჩენად იქცა.

„1976 წელს ისე მოხდა, რომ ახალგაზრდა მოციგურავემ, მარინა ცერცვაძემ ტრავმა მიიღო და აქტიურ სპორტს გამოეთიშა. მწვრთნელად დაიწყო მუშაობა. იმავე წელს, სპორტის სხვადასხვა სახეობაში, საბჭოთა კავშირის 7 თასი მოიგეს ქართველმა სპორტსმენებმა. მათგან ერთ-ერთი მარინა იყო და სხვებთან ერთად, ისიც მიწვეული იყო ედუარდ შევარდნაძესთან, დაჯილდოების ცერემონიაზე.

ერთად წავედით მე და მარინა, მაგრამ დამირეკეს და მითხრეს, რომ შეხვედრა 5 საათისთვის გადაიდო, მანამდე კი მთელი ოთხი საათი იყო. გადავწყვიტე, მარინა დედაჩემთან მიმეყვანა და ვიდრე ჩემს საქმეებს მოვრჩებოდი, მასთან დამეტოვებინა.  

სახლში საღამოს, გვიან დავბრუნდი. დედაჩემმა კი შემომხედა და მეუბნება: შენ თვალები გაქვს საერთოდ? ყოველდღე ასეთ გოგოს უყურებ და რაზე ფიქრობო“, – იხსენებს ირაკლი ჯაფარიძე…

დედის გული არ შემცდარა, მისმა სიტყვამაც გაჭრა და მწვრთნელი და ყოფილი მოწაფე, იმ დროისათვის კი უკვე კოლეგები, მალევე დაქორწინდნენ.  

„უკვე ჩვენ აღარ ვიყავით მწვრთნელი და მოწაფე. იმ დროისათვის მარინას სახელობის კლუბი გახსნეს და ერთად ვმუშაობდით. რა თქმა უნდა, დედის სიტყვამ იმოქმედა. კი ვუთხარი, მე მაგას ვერ ვიზამ-მეთქი, მაგრამ… ალბათ, ბედია ყველაფერი. რომ არა მარინა, იმ მომთაბარე ცხოვრებით, როგორც შემდეგ ვიცხოვრე, ვერ ვიცხოვრებდი. დიდი ბედნიერებაა, როცა მეუღლეს შენი ესმის და მასაც უყვარს ის საქმე, რასაც შენ აკეთებ.  

ამბობენ, რომ მეც სიმპათიური ვიყავი ახალგაზრდობაში (იცინის).  მართალია, 9 წელია ჩვენს შორის განსხვავება, მაგრამ ეს ძალიან კარგია… ხუმრობა-ხუმრობაში მარინა დავითანხმე და 1977 წლის ბოლოს ხელიც მოვაწერეთ. მას შემდეგ ასე ციგურებით მივსრიალებთ მთელი ოჯახი, – აღნიშნავს ირაკლი ჯაფარიძე „მთავართან“.

ბავშვობიდან მათმა უფროსმა ვაჟმა, ლაშამაც ციგურები მოირგო, მაგრამ როგორც მამა ამბობს, მას არ ჰქონდა სპორტული ჟინი. ლაშა ჯაფარიძემ გიმნაზია ავსტრიაში დაამთავრა და დღეს, ორი გოგონას მამა, წარმატებული ფინანსისტია.

ცხოვრება საზღვარგარეთ

ყველზე მძიმე 90-იანი წლებში, ჯაფარიძეების ოჯახმა, 8 თვისა და 9 წლის ვაჟიშვილებთან ერთად, სამუშაოდ საზღვარგარეთ წასვლა გადაწყვიტა. ირაკლი ჯაფარიძე, როგორც უკვე საბჭოთა კავშირის ნაკრების დამსახურებული მწვრთნელი, სპორტის სამყაროში ცნობილი იყო და მწვრთნელის კარიერა ბულგარეთში განაგრძო.

„ბულგარეთის ნაკრების უფროსი მწვრთნელი გავხდი 1988 წლიდან, სადაც 2 წელი ვიმუშავე. შემდეგ, შედეგებიდან გამომდინარე, შეთავაზება მივიღე ხორვატიიდან, სადაც საბჭოთა კავშირის კვოტით წავედი.

იმ დროისათვის, საქართველოში არსებული ერთადერთი საციგურაო მოედნის ხელმძღვანელი ნოდარ ნათაძე იყო, რომელმაც სრული პასუხისმგებლობით გადაიბარა და შეინარჩუნა მოედანიც და სახეობაც, უმძიმეს 90-იან წლებში, როდესაც შუქი არ იყო, ყინული არ იყო და მოციგურავეები დარბაზში ვარჯიშობდნენ.

მე, როგორც შემეძლო, იქიდან ვეხმარებოდი. იმ დროისათვის შეიქმნა ფედერაცია, რომლის პირველი პრეზიდენტიც ჩვენი მოწაფე და აღზრდილი თეიმურაზ ლომაძე გახდა“, – იხსენებს ირაკლი ჯაფარიძე.

თავისუფალი საქართველოს ისტორიაში საერთაშორისო ტურნირზე, 1993 წელს, საქართველოს სახელით გამარჯვებული პირველი სპორტსმენი ბესარიონ ცინცაძე იყო, რომელიც დღეს წარმატებით აგრძელებს კარიერას ამერიკაში. 1997 წელს კი, ვახტანგ მურმანიძემ, ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე დაკავებული მეორე ადგილით, ცენტრი, ფაქტობრივად, დახურვას გადაარჩინა.  

„ხორვატიის შემდეგ ავსტრიაში მიმიწვეს, სადაც რა თქმა უნდა, ათჯერ უკეთესი პირობები შემომთავაზეს. ამ პერიოდში თბილისში საციგურაო ცენტრი თითქმის უკვე იკეტებოდა, მაგრამ გამოჩნდა ლეილა დოლიძის მოწაფე ვახტანგ მურმანიძე, ბესო ცინცაძის შემდეგ, შეიძლება ითქვას, პირველი ოლიმპიელი. მან ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე მეორე ადგილი დაიკავა, რითაც, ფაქტობრივად, ცენტრი დახურვას გადაარჩინა. მისი შედეგი დღემდე არავის გაუუმჯობესებია“, – აცხადებს ჯაფარიძე.

1997 წელს ირაკლი ჯაფარიძე ავსტრიიდან საქართველოში დაბუნდა და ქართული საციგურაო ცენტრის გადასარჩენად, სამშობლოში დარჩენა გადაწყვიტა. ქალაქის მაშინდელი ხელმძღვანელობის დახმარებით, ყინულის მოედანიც შეინარჩუნა და საქმეს აქტიურად ჩაუდგა სათავეში.  

„90-იანი წლები კარგად გადავაგორეთ, რომ არ გაქრა სახეობა. მე კი, ოჯახთან ერთად სამშობლოში დავბრუნდი, რადგან დავინახე, რომ საციგურაო ცენტრი, ფაქტობრივად, ბოლო სუნთქვაზე იყო მიერთებული. გავხდი დირექტორი და დავიწყეთ მუშაობა ძალიან აქტიურად.

იმ პერიოდში უკვე საერთაშორისო არენაზე ყველას კარგად ვიცნობდი და მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტ ოტავიო ჩიკვანტოს ვთხოვე, თბილისში ჩამოსულიყო, რომელიც ჯერ რუსეთშიც კი არ იყო ნამყოფი. მართლაც, ჩიკვანტო 2001 წელს თბილისში ჩამოვიდა და შეხვდა იმდროინდელ თბილისის მერს, ცხონებულ ვანო ზოდელავას.

ამ შეხვედრაზე, ქალაქის მერიამ გამოყო 750 ათასი ლარი ცენტრისთვის, რაც ძალიან დიდი თანხა იყო, მაგრამ მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი რომ არ ჩამოსულიყო, ქალაქის ხელმღვანელობა ამდენს არ გაიღებდა.

ყველაფერი კაპიტალურად გაკეთდა. ცენტრის გახსნაზე მოვიდნენ: ედუარდ შევარდნაძე, ჯანო ბაგრატიონი, გოგო თოფაძე, ნონა გაფრინდაშვილი და ქალაქის მაშინდელი ხელმძღვანელობა. ეს ადამიანები სულ გვერდში გვედგნენ, საციგურაო ცენტრი რომ გადარჩა და დღეს ჩვენთან 600-მდე მოწაფე რომ დადის, მათი დამსახურებაა“, – აღნიშნავს ირაკლი ჯაფარიძე.

„ელენე გედევანიშვილს შევხედე და მივხვდი, რომ ღვთით ნაბოძები ნიჭი არსებობს ყველაფერში“

2000 წელს ყინულზე პატარა გოგონა, 8 წლის ელენე გედევანიშვილი გამოჩნდა, შეხედა თუ არა, ირაკლი ჯაფარიძემ, მიხვდა, რომ გოგონა გამორჩეული იყო და მის ნიჭს განსაკუთრებული ხელშეწყობა სჭირდებოდა.  

„როცა ამ პატარა გოგონას შევხედე, მივხვდი, რომ ღვთით ნაბოძები ნიჭი არსებობს ყველაფერში. ეს ბავშვი ძალიან ნიჭიერია მეთქი, მაშინვე ვუთხარი მწვრთნელს. თამარ ანჯაფარიძე იყო მისი პირველი მწვრთნელი. სტატრების სისწრაფე, კოორდინაცია, ნახტომი და ზოგადად, ამ ყველფრის აღქმა ისეთი თავისებური ჰქონდა ბავშვს, რომ ერთი შეხედვით გამოარჩევდი სხვათაგან. გადავწყვიტეთ, რომ ელენე ჩემ ვაჟთან, ოთოსთან და თორნიკე ტუკვაძესთან ერთად, მოსკოვში წაგვეყვანა, რადგან ამ ბავშვების შედეგებისთვის ჩვენი ყინული მეტისმეტად პატარა იყო. მათი მწვრთნელი ელენე ვადარეზოვა გახდა.

იმ პერიოდში უკვე დაიწყო ვიზები და ძალიან გვიჭირდა ვიზის გაგრძელება, მისი აღება, უცხოელების იქ ყოფნა, უკვე ძალიან გართულდა. მაშინ სახელმწიფო ვერაფერში გვეხმარებოდა, მაგრამ საერთაშორისო ფედერაციიდან მოდიოდა თანხები და ჩემი ნაცნობობით და მეგობრობით თითქმის არაფერს გვახდევინებდნენ.

უკვე 2003 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე, ელენე გედევანიშვილმა მეორე ადგილი დაიკავა იუნიორთა შორის, ვახტანგ მურვანიძე კი მე-17 ადგილის მფლობელი გახდა. ზაიკინა და ოთო ჯაფარიძე მსოფლიო ჩემპიონატზე მეთვრამეტე, გრან-პრიზე კი მეოთხე ადგილის მფლობელები გახდნენ“.  

2006 წლის ოლიმპიადაზე, სადაც, კორიფეები გამოდიოდნენ, ყველაზე უმცროსმა გოგონამ, 15 წლის ელენე გედევანიშვილმა, პირველივე დღეს მეექვსე ადგილი დაიკავა და საბოლოოდ მეათე ადგილზე გავიდა.   როგორც ირაკლი ჯაფარიძე აცხადებს, ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი ფიგურული სრიალის ისტორიაში. 2010 წელს კი, ისევ ოლიმპიადაზე, ელენე გედევანიშვილმა და ოთარ ჯაფარიძემ, თავის მეწყვილესთან ერთად, პირველი მოციგურავის ტიტული მოიპოვეს, თორნიკე ტუკვაძემ და ვახტანგ მურმანიძემ, ტრავმის გამო აქტიურ სპორტს თავი დაანებეს, მანამდე კი თავიანთი საქმე წარმატებით შეასრულეს.   

„2010 წელი იყო საქართველოსთვის, შეიძლება ითქვას, ყველაზე წარმატებული, – 4 ლიცენზია ოლიმპიადაზე, მოცეკვავეთა წყვილის წარმატება, ელენე გედევანიშვილი ვანკუვერში უკვე მეორედ გამოვიდა და მართალია, მეთოთხმეტე ადგილი დაიკავა, მაგრამ ეს დიდი წარმატება იყო. ამავე წელს, ელენე ზამთრის სახეობების სპორტის ისტორიაში, პირველი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ევროპის ჩემპიონატზე. მეორე ბრინჯაოს მედალი კი 2012-ში მოიპოვა. ოთარ ჯაფარიძემ კი 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, წყვილთა შორის მეჩვიდმეტე ადგილი დაიკავა“, – აღნიშნავს ირაკლი ჯაფარიძე „მთავართან“.

ახლა ელენე გედევანიშვილი ამერიკაშია, წარმატებით ამთავრებს უნივერსიტეტს და თან მწვრთნელად მუშაობს.

ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს ოთარ ჯაფარიძეც, უცხოელ მეუღლესთან ერთად. ელენეც და ოთარიც, როგორც ამერიკის, ასევე საქართველოს მოქალაქეები არიან.

„ჩავთვალე, რომ ჩემი მისია შევასრულე, რადგან თითოეული ლიცენზია, მით უფრო ზამთრის სახეობებში, სანთლით საძებარია და გამოვუცხადე სამინისტროს, რომ ვაბარებ ფედერაციის მომავალ ხელმძღვანელობას ბრინჯაოს მედალს და ოთხ ლიცენზიას“ , – აცხადებს ირაკლი ჯაფარიძე.  

ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელი და მსოფლიო დონის მწვრთნელი, თითქმის 70 წლის ასაკში, საციგურაო ცენრტის ხემძღვანელობას საზღვარგარეთ სამსახურსაც უთავსებს და უკვე მეშვიდე წელია, ხორვატიის უნივერსიტეტის სპორტული ფაკულტეტის ლექტორია.

„ხორვატიაში ვამზადებ სტუდენტებს, დაუსწრებელი სწავლებით, ზაფხულობით, აგვისტოში, მთელი თვე იქ ვარ, ხორვატიის ნაკრების კონსულტანტი ვარ.

ეს საციგურაო ცენტრი ქალაქ თბილისის მერიას ეკუთვნის და ჩვენ მათ წინაშე ვართ ანგარიშვალდებულები. თბილისი მერია და სპორტის საქალაქო სამსახური ყოველმხრივ გვეხმარება, რაც კი შეუძლიათ, მაგრამ ამ სპორტის განვითარება ყინულის სიდიდეზეა დამოკიდებული, რაც უკვე სპორტის სამინისტროს და ოლიმპიური კომიტეტის პრეროგატივაა. მათ უნდა დააყენონ საკითხი, რომ თანამედროვე სტანდარტების მქონე ყინულის მოედანი აშენდეს.

ჩვენ აქ ჰოკეისაც ვატარებთ, კვირაში სამჯერ მივეცით მათ საათები და ვარჯიშობენ, მაგრამ თუ ფიგურული სრიალისთვისაა პატარა ეს მოედანი, ჰოკეისთვის უკვე სასაცილოც კია. თუ ჭკვიანად მოიქცევით, ბასეინში წყალსაც ჩაგისხამთო, – ასე გამოდის.

თუ გვინდა, რომ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენთან ჩატარდეს, უნდა აშენდეს მინიმუმ 3000-მაყურებლიანი სასახლე, ორი სტანდარტული სავარჯიშო მოედნით, იმიტომ, რომ ჩემპიონატს აღარ ატარებენ იქ, სადაც სათადარიგო მოედანი არ არის.

ძნელია, ყინულის პატარა მოედანზე ნავარჯიშევ სპორტსმენს, დიდი შედეგები მოსთხოვო, დიდ შედეგებზე გასვლას, ჩვენს შემთხვევაში, ყინულის დიდი მოედანი სჭირდება. საერთოდ, ქვეყანაში ზამთრის სახეობის სპორტის განვითარების სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს. ან ოლიმპიურ კომიტეტში, ვერ ვხვდები, ზამთრის სახეობაზე საერთოდ აყენებენ საკითხს?“, – აღნიშნავს ჯაფარიძე.

საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს არც იუმორის გრძნობა ღალატობს და ამბობს, რომ მეუღლის სახელობის ცენტრის დირექტორობას, მორჩილად “ეგუება”. 15 ქალის გარემოცვაში მომუშავე ირაკლი ჯაფარიძე „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, რომ მარინასნაირი შედეგები, როგორც გზის გამკვალავს, არავის ჰქონია და სხვა გზა არ ჰქონდა, მისი სახელობის ცენტრის ხელმღვანელობას უნდა დასთანხმებოდა:

„ახლა, როგორ ხარო, რომ მეკითხებიან ძმაკაცები, ვპასუხობ, როგორ უნდა ვიყო, 14 ქალის ხელში (მწვრთნელები მხოლოდ ქალები გვყავს) და პლუს ჩემი ცოლი მეთქი! მაგრამ ბედს არ ვუჩივი, კარგი კოლექტივია. რაც მთავარია, ერთმანეთს ვუგებთ“. 

მომზადა ნონა ქარქაშაძემ

მსგავსი თემები