,,ჩემი ინფორმაციით, არა ვიქტორ ყიფიანი ჩაეხსნა ბიძინა ივანიშვილის, არამედ ბიძინა ივანიშვილმა ჩახსნა ვიქტორ ყიფიანი,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძეს არ დაუკონკრეტებია მიზეზი, რის გამოც ვიქტორ ყიფიანი აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი.
,,რაც შეეხება ვიქტორ ყიფიანს, ის უკვე კვირაზე მეტია აღარაა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი. იყო გარკვეული სპეკულაციური მცდელობა, რომ მისი განცხადებები დაეკავშირებინათ ბიძინა ივანიშვილისთვის, კვირაზე მეტია ის აღარაა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის და პირდაპირ შევიდა პოლიტიკაში. გარდა ამის, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ის კანონი, რომელიც ჩვენ უნდა მიგვეღო გავრცელდებოდა ვიქტორ ყიფიანზეც, როგორც უცხოური გავლენის აგენტზეც, ესეც, ალბათ ერთ-ერთი ფაქტორია, რატომაც ის ძალიან სწრაფად ჩაერთო პოლიტიკაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ”როდესაც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ხარ და ამავდროულად, უცხოური გავლენის აგენტი ხდები, ეს ყველაფერი თავისთავად ნიშნავს, რომ ასეთი დამოკიდებულებით პრემიერი ვერასდროს გახდები”.
„არა მარტო „ქართული ოცნების“ ხელით, არამედ ზოგადად ვერასოდეს გახდები ასეთი დამოკიდებულებით პრემიერ-მინისტრი. არ შეიძლება, იყო ივანიშვილის ადვოკატი და ამავდროულად, გახდე უცხოური გავლენის აგენტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.