გერმანელი მეცნიერი ქართულ მედიაში ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლებს სასამართლოში უჩივის

რამდენიმე დღის წინ, ქართულ მედიასივრცეში გერმანელი ქართველოლოგის და კავკასიოლოგის, ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორის იოსტ გიპერტის სახელით, გამოქვეყნდა ფაბრიცირებული ტექსტი, რომ თითქოს ქართველი ერი კულტურულად არშემდგარი ერია, რომ იგი მონობისადმი არის მიდრეკილი და ა.შ, რაც არის აბსოლუტური სიყალბე, – ამის შესახებ ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი მანანა თანდაშვილი “მედიაცენტრ მთავართან” საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი არის სამარცხვინო ცილისწამება იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვისაც ქართულ მწერლობაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი.

მისივე თქმით, გერმანელი მეცნიერი ფაქტს კატეგორიულად უარყოფს, თავს შეურაცხყოფილად თვლის და ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლებს სასამართლოში უჩივის.

“იოსტ გიპერტის სახელით გამოქვეყნებულმა გაყალბებულმა განცხადებამ ქართველ საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია, რის შედეგადაც ქართულ სოციალურ ქსელებში გაჩნდა გერმანელი ქართველოლოგის მიმართ გამოთქმული არაერთი უცენზურო გამონათქვამი, რაც შეურაცხმყოფელია არა მხოლოდ გერმანელი მეცნიერისათვის, არამედ მისი ქართველი კოლეგებისთვისაც.

იოსტ გიპერტი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული აქტიურად თანამშრომლობს ქართველ მეცნიერებთან, მათ შორის: თამაზ გამყრელიძესთან, მზექალა შანიძესთან, ვახტანგ იმნაიშვილთან, ზურაბ სარჯველაძესთან, ზაზა ალექსიძესთან, დამანა მელიქიშვილთან, თედო უთურგაიძესთან, იზა ჩანტლაძესთან და სხვებთან.

გერმანელი ქართველოლოგის მიერ ინიცირებული და განხორციელებული იქნა 12 საერთაშორისო სამეცნიერო პროექტი ქართველოლოგიაში, რომელთა საერთო ღირებულება აღემატება 2,5 მილიონ ევროს და რომელშიც 300-მდე ქართველი მეცნიერი და დოქტორანტი იღებდა მონაწილეობას.

იოსტ გიპერტი 40 წელზე მეტია ემსახურება ქართველოლოგიის პოპულარიზაციის საქმეს. მან 80-იან წლებში წამოიწყო ქართული ხელნაწერებისა და გამოცემული ტექსტების გაციფრება და ქართველ კოლეგებთან ერთად ათწლეულების განმავლობაში ქმნიდა ქართული ენის ტექნოლოგიების შესაქმნელად აუცილებელ ელექტრონულ ბაზებს, ” – აცხადებს მანანა თანდაშვილი.

ქართველი პროფესორის განმარტებით, იოსტ გიპერტის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ქართული ენის ეროვნული კორპუსის შექმნაა, რამაც მყარი საფუძველი ჩაუყარა საქართველოში კორპუსლინგვისტიკის განვითარებას და ქართული ენის ტექნოლოგიების შექმნას.

“პროფესორმა იოსტ გიპერტმა ჩემთან და პროფესორ რამაზ ხალვაშთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში სრულიად ახალი სამეცნიერო მიმართულების – დიგიტალური ჰუმანიტარიის განვითარებას: იგი 2012 წლიდან აქტიურად მონაწილეობს დიგიტალური ჰუმანიტარიის პრობლემებისადმი მიძღვნილ ბათუმის საზაფხულო სკოლის მუშაობაში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და რომელმაც 400-მდე ახალგაზრდა კადრი მოამზადა ახალი მიმართულების განსავითარებლად საქართველოში.

იოსტ გიპერტს განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის აგრეთვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმეშიც. იგი აქტიურად იყო ჩაბმული ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმარი ქვეყნის წარდგენის პროგრამის მომზადებაში. ჩემთან ერთად იყო გამომცემელი და რედაქტორი 11 ქართული წიგნისა, მათ შორისაა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრირებული გამოცემა გერმანულად (ჰუგო ჰუპერტის თარგმანი), ხოლო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დღეებში, პავილიონის დიდ სცენაზე წარადგინა მოხსენება ქართული ანბანისა და დამწერლობის შესახებ, რომელშიც ჯეროვნად შეაფასა ქართული ანბანის უნიკალურობა და ისაუბრა ქართული ხელნაწერების მნიშვნელობის შესახებ.

პროფესორი იოსტ გიპერტი ქართველი ერისა და კულტურის დიდი მოამაგეა და 40 წელია, ემსახურება ევროპაში ქართული კულტურისა და მეცნიერების პოპულარიზაციას. ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ ჯეროვნად დააფასა მისი ღვაწლი და ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში, 1996 წელს იგი აირჩიეს გელათის აკადემიის უცხოელ წევრად, სულხან-საბა ორბელიანის პედაგოგიური უნივერსიტეტის საპატიო პროფესორად (1997 წ.). შემდგომ კი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად (2009 წ.) და შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად (2013 წ.)”, – აღნიშნავს ქართველი პროფესორი “მთავართან.”

მისივე თქმით, ცნობილი უცხოელი ქართველოლოგის, გერმანელი მეცნიერის, პროფესორ იოსტ გიპერტის მიმართ განხორციელებული ქმედება, არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, ჩრდილს აყენებს არა მხოლოდ მას, არამედ მთელ ქართულ მეცნიერებას და მოითხოვს სათანადო სამართლებრივ რეაგირებას.

“გერმანელი მეცნიერი სასამართლოში აპირებს ჩივილს, მის შესახებ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლების წინააღმდეგ”, – აცხადებს მანანა თანდაშვილი “მედიაცენტრ მთავართან”.

გაცნობებთ, რომ 12 მარტს, 11.00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, გერმანელი ქართველოლოგის, პროფესორ იოსტ გიპერტის შესახებ გავრცელებულ ყალბ ინფორმაცისთან დაკავშირებით, ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, გერმანიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი მანანა თანდაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

პრესკონფერენციას ქართველი მეცნიერები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები დაესწრებიან.

მსგავსი თემები