უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ახლად არჩეული სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის გუშინდელ ბრიფინგს აფასებს, რომელიც ომბუდსმენის რანგში პირველად გამართა.
მისი თქმით, ლევან იოსელიანმა პირველივე გამოსვლაში საკუთარი პრეზენტაცია ისეთი კუთხით მოახდინა, რომ ბევრმა მას ”ლევან ლომჯარია” უწოდა.
,,აქციაზე მისული “სახალხო დამცველი” გვარიანად დააშინეს, კვერცხებიც დაუშინეს და ფიზიკური ანგარიშსწორებითაც დაემუქრნენ.ალბათ ამ ყველაფერმა თავისი შედეგი გამოიღო და ახალი სახალხო დამცველის პირველივე პრეს-კონფერენციაზე ვიხილეთ დამფრთხალი და შეშინებული „უფლებადამცველი“. მან თავისი გამოსვლის შინაარსით ყველას მისცა სიგნალი, რომ ექვემდებარება ზეწოლას და არ აპირებდა დინების საწინააღმდეგო მიმართულებით სვლას.ძნელია სხვა ახსნა მოუნახო ისეთი ელემენტლური ფაქტების უარყოფას, რასაც ახალმა ომბუდსმენმა მიმართა პრეს-კონფერენციის დროს.
მართალია, მან ვერ დამალა ცალკეული მომიტინგეების მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ფაქტები, მაგრამ ამ ფაქტების ჩამოთვლისგან თავი შეიკავა და არც “მოლოტოვის კოქრეილების სროლით გამოწვეული ხანძრები უხსენებია, არც დამწვარი და დაზიანებული პოლიციელები და არც ქუჩებში ჩადენილი ვანდალიზმი. სახალხო დამცველმა თავი უხერხულ სიტუაციაში ჩაიყენა, როცა ამ ყველაფრის აღკვეთის გზად დაასახელა მხოლოდ იმ პირთა დაკავება, რომლებიც უშუალოდ ჩადიოდნენ ვანდალიზმსა თუ სხვა ტიპის დანაშაულს. ამასთანავე ესეთი სახის დაკავებები პოლიციას თურმე ისე უნდა განეხორციელებინა, რომ აქციის მშვიდობიან მონაწილეებს დისკომფორტი არ შექმნოდათო.
არა გვგონია, დებიუტანტ ომბუდსმენს საკუთარი თვალით მრავალჯერ არ ენახოს ტელევიზიით, დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში, 10-20 კაციან საპროტესტო აქციებსაც კი როგორი მეთოდებით სჯიან, თუ აქციაზე ადგილი აქვს აგრესიასა და კანონის გადაცდომის შემთხვევბს, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეებს. ეს ხდება არა იმიტომ, რომ პოლიციელებმა შური იძიონ მომიტინგეებზე, არამედ იმიტომ, რომ შეუძლებელია ხალხმრავალ აქციებზე პოლიციელებზე თავდამსხმელების გამორჩევა და მხოლოდ მათ მიმართ ძალის გამოყენება ისე, რომ აქციის დანარჩენ, მშვიდობიან მონაწილეებს დისკომფორტი არ შეექმნათ და პოლიციელთა მხრიდან გამოყენებული თუნდაც პროპორციული ძალა მათაც არ შეეხოთ.
ახალი ომბუდსმენის მიკერძოებისა და ტენდენციურობის მანიშნებელია, ის ფაქტიც, რომ სახალხო დამცველი ყურადღებას არ ამახვილებს პოლიციელთა მიერ აღნიშნული აგრესიული აქციის დაშლის დროს გამოყენებულ პროპორციულ ძალაზე. იმაზე, რომ ეს იყო პოლიციელებზე თავდასხმის მონაწილეთა და მათ უკან მდგარი ძალების არა დარბევა, არამედ დაშლა სრულიად ცივილიზებული მეთოდებით, აშკარად პროპორციული ძალის გამოყენებით. ჩვენი წუხილი სწორედ ის არის, რომ პირველივე გამოსვლაში ახალმა სახალხო დამცველმა საკუთარი პრეზენტაცია ისეთი კუთხით მოახდინა, რომ ბევრმა მას ის უწოდა, რაც სათაურშია გამოტანილი. ეს მისთვის არცთუ სასიამოვნო უნდა იყოს, რადგან მისმა წინამორბედმა სახალხო დამცველმა თავი სწორედ მიკერძოებულობით, ტენდენციურობით და უფლებადაცვითი სფეროს პოლიტიზირებით დაიმკვიდრა,”- აცხადებს ნანა კაკაბაძე.