საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით არის დაცულია მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება. ამასთან, ლევან იოსელიანიას თქმით, ცალკეულ პირთა ან პირთა მცირე ჯგუფის სიტყვიერი თუ ფიზიკური აგრესიის თუ ძალადობის აქტები არ აბათილებს იმ ადამიანთა შეკრების თავისუფლებას, რომლებიც მშვიდობიან ქცევას განაგრძობენ.
,,სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 2023 წლის 7 მარტის საღამოს საათებში გაფრთხილების თაობაზე განცხადების გაჟღერების დროისთვის აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მისი შეწყვეტის და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი.
რაც შეეხება აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობის შემთხვევას, მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სამართალდამცველებმა შეკრების მონაწილეების, მათ შორის მშვიდობიან მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც ეწინააღმდეგება, უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს.
პარლამენტის შესასვლელთან შეკრების მონაწილეთა ნაწილის მიერ დაწყებული ძალადობრივი მოქმედებები დაედო საფუძვლად სამართალდამცველების მხრიდან მთელი შეკრების ძალის გამოყენებით გაუმართლებელ შეწყვეტას 8 მარტსაც. მას შემდეგ, რაც შეკრების მონაწილეთა ნაწილმა დაიწყო საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელის მხარეს შენობის დაზიანება, მინების ჩამტვრევა, პოლიციის მხრიდან დაიწყო შესაბამისი რეაგირების განხორციელება. თუმცა აღნიშნული ძალის გამოყენება სრულიად არალეგიტიმურად გაგრძელდა საქართველოს პარლამენტის წინ მდგომი მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
სახალხო დამცველმა 7-9 მარტს აქციების მიმდინარეობისას დაკავებულებზეც ისაუბრა.
„7-9 მარტს აქციების მიმდინარეობის პარალელურად, სახალხო დამცველმა და რწმუნებულებმა მოვინახულეთ 96 დაკავებული პირი. რწმუნებულები დაკავებულებთან შეხვედრის მიზნით, ინტენსიურად მუშაობენ არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში. ამასთან, რამდენიმე დაკავებულმა პირმა აპარატს მომართა მათი დაკავების კანონიერების შესწავლის მოთხოვნით. დაკავებულები მიუთითებენ დაკავების უხეშ ფორმაზე და რიგ შემთხვევაში, აღენიშნებოდათ დაზიანებები. რამდენიმე დაკავებულის შემთხვევაში, მათივე სურვილით და თანხმობით სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყების მიზნით. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევა. მისი და მოწმის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე წარმომადგენელი მას ფიზიკურად გაუსწორდა, სცემეს ხელებით, ფეხებით, ხელკეტებით. აღენიშნება დაზიანება თავისა და კისრის არეში. ასევე ხელის მტევნის არეში,“ -განაცხადა იოსელიანმა.