სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, ბევრი დაკავებულის მდებარეობა ამ დრომდე უცნობია

„დაკავებულები მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა დროებითი მოთავსების იზოლატორებში არიან გადანაწილებული. ჩემი კოლეგები ახლაც სხვადასხვა იზოლატორში არიან, მათ შორის, ქუთაისშიც არის რამდენიმე დაკავებული გადაყვანილი და ადგილზე ვნახულობ“ – აცხადებს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.

მისი თქმით, საპროტესტო აქციაზე დაკავებულების ნაწილის ადგილსამყოფელი ამ წუთებამდე არც მათი ოჯახის წევრებისთვისაა ცნობილი და არც სახალხო დამცველის აპარატისთვის.

„ბაკურიანის დროებითი მოთავსების იზოლატორში, გორში და სხვადასხვა ადგილებში არიან გადაყვანილები. ვნახეთ რამდენიმე შემთხვევა, როცა დაზიანება აღენიშნებათ დაკავებულებს, ეს დაზიანება, როგორც აცხადებენ, იმ დროს აქვთ მიღებული, როცა პოლიციის იურისდიქციის ქვეშ იყვნენ. რამდენიმე დაკავებული საუბრობდა, რომ დაკავების პროცესში, პოლიციის მხრიდან უმიზეზოდ გინება და შეურაცხყოფა იყო. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გუშინვე შევატყობინეთ რამდენიმე დაკავებულზე, მათ შორის, ზურა ჯაფარიძეზე.

ერთ-ერთი დაკავებული ვნახე, რომელიც აღნიშნავდა, რომ სხვა ადამიანს როცა ურტყამდნენ, იმას იღებდა და ამ დროს დააკავეს. ყველაზე უცნაური შემთხვევაც ვნახეთ, ერთი ადამიანი, რომელიც ოქროყანიდან მოდიოდა, გზად გაიარა, საერთოდ სუფთა ტანსაცმელი ეცვა, არანაირი აქციის კვალი მას არ ეტყობოდა, ამ ადამიანის დაკავება ყოველგვარი მიზეზის გარეშე მოხდა. ბევრ დაკავებულს ადვოკატი არ ჰყავს, ამის შესახებ შესაბამის უფლებადამცველ ორგანიზაციებს შევატყობინებთ. 25 დაკავებული ვნახე, ზოგიერთი მათგანი სრულიად უმიზეზოდ არის დაკავებული. დაკავებულის ოჯახის წევრებმა არ იციან, სად არიან დაკავებულები“ – აცხადებს ბურჯანაძე.

 

მსგავსი თემები