„გუშინ, საქართველოს პარლამენტმა თავი მოგვჭრა“ – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი საქართველოს ხელისუფლებას კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პარლამენტმა თავი მოგვჭრა. ნინო ლომჯარია პარლამენტის შენობასთან, აქციაზე იმყოფება და საქართველოს მოსახლეობას თავიანთი ევროპული არჩევანის დაცვისკენ მოუწოდებს.

„მინდა, წაგიკითხოთ საქართველოს კონსტიტუციის შესავალი: „ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული, საზოგადოებრივი წესწყობილება, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას“. თქვენი მიღებულია, თქვენი გამოცხადებულია ეს კონსტიტუცია, თქვენ გეკუთვნით ეს კონსტიტუცია, სადაც თქვენ თქვით, რომ საქართველო არის დემოკრატიული რესპუბლიკა, საქართველოში უნდა იყოს დემოკრატიული წესწყობილება. თქვენ თქვით, რომ საქართველოში კონსტიტუციურმა ორგანოებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი. კონსტიტუციის 78-ე მუხლი ამბობს ამას.

გუშინ კონსტიტუცია დაარღვია საქართველოს პარლამენტში 76-მა დეპუტატმა. არაკონსტიტუციურია, ხალხის ნების საწინააღმდეგოა ეს გადაწყვეტილება. გუშინ პირველი მოსმენით 76-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა უარს ევროინტეგრაციაზე. ეს იყო მხარდაჭერა რუსეთის სასარგებლოდ და რუსეთის ორბიტისგენ, ეს იყო არა ევროკავშირს და კი რუსული ტიპის მმართველობას“ – აღნიშნა ლომჯარიამ აქციაზე.

მისი თქმით აქციაზე მანამ უნდა დადგნენ, სანამ ეს საჭირო იქნება.

„ევროპა ვართ ჩვენ, თქვენ ხართ ევროპა. გუშინ საქართველოს პარლამენტმა თავი მოგვჭრა, მთელ მსოფლიოს უთხრა, რომ ქართველები და საქართველო არ არის ევროპული სახელმწიფო, თავი მოგვჭრეს, შეგვარცხვინეს და მთელ მსოფლიოს პარლამენტმა უთხრა, რომ რუსული ყაიდის სახელმწიფო ვართ. რამდენი ხანიც დაგვჭირდება ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და კონსტიტუციის დასაცავად, იმდენი ხანი უნდა ვიდგეთ აქ მშვიდობიანად, პრინციპულად და თანმიმდევრულად, რადგან ამის ეშინია ხელისუფლებას“ – აღნიშნა ლომჯარიამ.

 

მსგავსი თემები