,,საქართველოში 2003 წელს მოხდა ჯაშუშების რევოლუცია”- ირაკლი კობახიძე

,,თავის დროზე, ჯაშუშებისთვის თავისი სახელი რომ დაერქმიათ, საქართველო ბევრ ტკივილს აიცილებდა თავიდან, დღეს ბოლშევიკური სული ცოცხლობს თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეებში და გიგლა ბერბიჭაშვილებში”- ამის შესახებ  პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში 2003 წელს მოხდა ჯაშუშების რევოლუცია, რომელმაც საქართველოს ანტიევროპული 9 წელი მოუტანა.

,,დღეს ბოლშევიკური სული ცოცხლობს თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეებში და გიგლა ბერბიჭაშვილებში – მიხეილ სააკაშვილში, გიგა ბოკერიაში, გიორგი ვაშაძეში, ზურაბ ჯაფარიძეში, ლევან ხაბეიშვილში და რადიკალური ოპოზიციის სხვა ლიდერებში.

მათ მიერ ბაკურიანის ცნობილ შეხვედრაზე გაწერილი გეგმა, რომ განხორციელებულიყო, გასული წლის ივნისში მოხდებოდა ხელისუფლების გადატრიალება და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ – დღეს, თბილისში რუსული ტანკები იდგებოდა. ისინი ზუსტად ისევე შემოუძღვებოდნენ რუსულ ტანკებს საქართველოში, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში გააკეთეს.

საქართველოში 2003 წელს მოხდა ჯაშუშების რევოლუცია, რომელმაც საქართველოს ანტიევროპული 9 წელი – ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება და საქართველოს ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა მოუტანა. მაშინ ჯაშუშებმა შეძლეს მანიპულირება საზოგადოების გულწრფელი ემოციებით და პრინციპული შეცდომა დააშვებინეს,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები