,,კანონპროექტი არ ემსახურება საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებს და ზიანის მომტანია მისი უდიდესი უმრავლესობისთვის”- სოციალურ მეწარმეთა ალიანსი

სოციალურ საწარმოთა ალიანსი და მისი წევრი სოციალური საწარმოები გმობენ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კანონპროექტი არ ემსახურება საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებს და ზიანის მომტანია მისი უდიდესი უმრავლესობისთვის.

,,მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი არ ემსახურება საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებს და ზიანის მომტანია მისი უდიდესი უმრავლესობისთვის. გარდა ამისა, აღნიშნული კანონის მიღება მნიშვნელოვნად დააზიანებს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხს.

საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარებას უკვე წლებია მხარს უჭერს ევროკავშირი. დღეს არსებული სოციალური საწარმოების დიდი ნაწილისთვის საქმიანობის დაწყება და გაფართოება სწორედ ევროკავშირისა და სხვა დასავლური დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. შედეგად,

სოციალურ საწარმოებში პროფესიული უნარები შეიძინეს და დასაქმდნენ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლები (კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები, შშმ პირები, ხანდაზმული ადამიანები, მარტოხელა დედები, ყოფილი მსჯავრდებულები და სხვ.)

განვითარდა სოციალური სერვისები და განსაკუთრებით რეგიონის მცხოვრებლებისთვის გაიზარდა მათზე ხელმისაწვდომობა ახალგაზრდებმა განივითარეს სამეწარმეო უნარები და ბევრმა მათგანმა დაიწყო კიდეც სოციალური მეწარმეობა.

რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის შესაძლებელი გახდა არაფორმალური განათლების მიღება.

გამოვთქვამთ გულისწყვეტას, რომ 5 წელზე მეტია, უშედეგოდ ვცდილობთ პარლამენტის მიერ განხილულ იქნას კანონპროექტი სოციალური მეწარმეობის შესახებ, რომელიც ნამდვილად იქნებოდა ერთით მეტი წინგადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე. სამწუხაროდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტების განხილვა უფრო პრიორიტეტული აღმოჩნდა, რომელთა შესაძლო ამოქმედებაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საზოგადოებას, ერთად გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით, რადგან მისი სავალალო შედეგები თითოეული ჩვენგანისთვის დამაზიანებელი იქნება.

მოვუწოდებთ ავტორებს, გაიწვიონ კანონპროექტი. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტსა და მმართველ პარტიას, არ დაუჭირონ მხარი აღნიშნულ კანონპროექტს.

ჩვენ გვსურს, რომ ჩვენ მიერ დახარჯული რესურსი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ იყოს მიმართული და იმ მიზნისკენ, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის განმტკიცებული და რომელსაც, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს,”- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები