,,ზოგიერთი ჯგუფის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, უკიდურესად საზიანო იქნება”- სალომე ზურაბიშვილი

,,ზოგიერთი ჯგუფის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, უკიდურესად საზიანო იქნება ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციის, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და ჩვენი ევროინტეგრაციის გზისათვის,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტმა აღნიშნულის შესახებ ნიუ იორკში, გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

„ახლახან გაჩნდა კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების როლს ეხება და რომელიც მისი ჭეშმარიტად ტრანსფორმაციული ფუნქციის თვალსაზრისით, ერთ-ერთი უმთავრესია, რათა ქალთა ხმა უკეთესად იყოს გაგონილი.

ამ მხრივ, ჩემს ქვეყანაში ზოგიერთი ჯგუფის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, [ და რომელშიც, უნდა ითქვას, რომ უმეტესი წილი ქალ აქტივისტებს უჭირავთ], უკიდურესად საზიანო იქნება ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციის, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და რეალურად, ჩვენი ევროინტეგრაციის გზისათვის.

აქედან გამომდინარე, ამ კანონპროექტის მიმართ მე ჩემი მკვეთრი წინააღმდეგობა უკვე გამოვხატე და ვიყენებ ამ შემთხვევას, რომ ჩემი პოზიცია აქაც დავაფიქსირო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები