ელმავალმშენებელი ქარხნის ტერიტორია შესაძლოა, სამშენებლო პოლიგონად გადაიქცეს (ვიდეო)  

​ელმავალმშენებელ ქარხანას  ქართველი ინვესტორი გამოუჩნდა, რომელიც მზად იყო, ქარხანა აემუშავებინა, პროფილი შეენარჩუნებინა და ელმავლების წარმოება დაეწყო. შეთანხმების მიღწევის მიუხედავად, ქარხანა აუქციონზე აღმოჩნდა.  როგორც კომპანია „თბილის ტრანსფერის“ დამფიძნებელი და დირექტორი ირაკლი ჭითანავა აცხადებს, მზად არის, ქარხანა ფეხზე დააყენოს, თუმცა, ქარხანა აუქციონზე გაიტანეს.

„საქართველო დაკარგავს პროფილს, რომელიც არის ელმავალმშენებლობა“ – აღნიშნა ირაკლი ჭითანავამ „მედიაცენტრ მთავარში.“

„ჩვენ ვახორციელებთ ინვესტიციას სხვადასხვა ბიზნეს სფეროში და მზად ვართ, განვახორციელოთ ინვესტიცია ელმავალმშენებელი ქარხნის მიმართულებითაც. თავად ქარხანა დღეს დიდი პრობლემების წინაშეა, აქვს დავალიანებები სახელმწიფოს წინაშე, „საქართველოს ბანკის“ წინაშე და ასევე, კერძო კრედიტორების წინაშე. ამჯერად ქარხანა გაჩერებულია. პროდუქციას არ უშვებს, თანამშრომლობისთვის ხელფასი მეორე წელია არ გაცემული. ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას ელმავალმშენებელი ქარხნის დამფუძნებელთან კომპანია „ლოკოტრანსთან“, აქციების შეძენაზე.

მათ 87% ეკუთვნით და ჩვენი შეთანხმებით, აქციები გადმოდიოდა ჩვენს კომპნიაზე. შეთანხმებით, ჩვენ ვახორციელებდით ინვესტიციას, ვფარავდით ყველა დავალიანებას და ვუნარჩუნებდით ქარხანას მიმართულებას. კონკრეტული შეთანხმება იყო რომ გავაგრძელებდით ელმავლების გამოშვებას“ – აღნიშნა ირაკლი ჭითანავამ „მედიაცენტრ მთავარში

რაც შეეხება თავად ქარხანას, მას კონკურენტი არ ჰყავს

„ასეთი ტიპის ელმავლები მხოლოდ 3 ქარხანაში გამოდიოდა და ერთ-ერთი საქართველოა. მისი შეჩერება დანაშაულის ტოლფასია. ხელთ მაქვს წერილები, რომელიც გაგზავნილია პრემიერის სახელზე, პროკურატურის სახელზე, სადაც დირექტორი დეტალურად აღწერს პრობლემებს, რომელიც არის ქარხანაში.  16 მარტს მოვაწერთ ხელი ხელშეკრულებას და 2 დღეში დაგვიბარეს ფინანსთა სამინისტროში გამოკითხვაზე, რატომ ვყიდულობთ ამ ქარხანას. პირდაპირი ზეწოლა არ იყო, მაგრამ იყო ნიშნები რომ საქმისთვის თავი უნდა დაგვენებებინა. ჩვენ დღესაც მზად ვართ ფინანსურად, რომ დავფაროთ ყველა დავალიანება და შევისყიდოთ აქციები“ – აცხადებს ჭითანავა.

რაც შეეხება აუქციონს, არსებობს გარკვეული ეჭვები, რომ ქარხნის ტერიტორიას სამშენებლო პოლიგონად ამზადებენ.

„ჩვენ ვიცოდით დავალიანებების შესახებ, რომ აუქციონი უნდა დანიშნულიყო, თუმცა, აუქციონი დიდი ხნის განმავლობაში არ ინიშნებოდა. ამის პირველი წინაღობა იყო ის, რომ სს საქმე მიმდინარეობს და არსებობდა ყადაღა. გაურკვეველ ვითარებაში ყადაღები გაქრა და ქარხანა გაიტანეს აუქციონზე. ჩატარდა ერთი აუქციონი და მეორე აუქციონი დანიშნულია  9 მარტს.

ვის რა ინტერესები აქვს, ვერაფერს გეტყვით.  როდესაც ღია აუქციონი ჩატარდება, იქ გამოჩნდება ვის რა ინტერესები აქვს. საუბარია 21 ჰექტარ მიწის ფართობზე თითქმის ქალაქის ცენტრში,  რომელიც საუკეთესოა „დეველოპმენტისთვის“. შედეგად კი მივიღებთ ქარხნის დანგრევას და 600 თანამშრომელს რეალურად უმუშევარს, საქართველო დაკარგავს პროფილს, რომელიც არის ელმავალმშენებლობა“ – აღნიშნა ირაკლი ჭითანავამ „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება დავალიანებას, მისივე ინფორმაცით ქარხანა აუქციონზე 4 მილიონ დოლარიანი დავალიანების გამო გაიტანეს.

„ჩვენი ინფორმაციით, დავალიანება, რომლის გამოც გაიტანეს ქარხანა აუქციონზე, არის 4 მილიონი დოლარი. ამავე დროს ქარხანის შეფასებაა 98 მილიონი ლარო. 98 მილიონ ლარიანი ქონება ერთბაშად, ლოტებად დაყოფის გარეშე რომ გადის აუქცონზე, ესეც ეჭვებს იწვევს. ხდება მთლიანი ქონების გასხვისება რაც ეჭვს იწვევს, რომ არსებობს ბიზნესინტერესები, რომელსაც აინტერესებს ქარხანა მთლიანად“ – აღნიშნა ჭითანავამ „მედიაცენტრ მთავარში“.

 

“მზად ვართ, ქარხანა გადავარჩინოთ” – ირაკლი ჭითანავა “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები