,,წაკითხული გაქვთ ამ ქვეყნის კონსტიტუცია? ხელში თუ გჭერიათ?”- ნაცვლიშვილი მაჭარაშვილს

,,წაკითხული გაქვთ თუ არა ამ ქვეყნის კონსტიტუცია? ზოგადად, ეს დოკუმენტი ხელში თუ გჭერიათ?,”-  ამ სიტყვებით მიმართა პარტია „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელს გურამ მაჭარაშვილს.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ”ხალხის ძალის” წევრს ჰკითხა, იცნობდა თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლს.

,,ვინაიდან სხდომის თავმჯდომარეს ეშინია, თქვენ დაგისვამთ ამ კითხვას, იქნებ თქვენ იყოთ გარკვეული. ხომ არ იცით, რა პროცედურა და კანონია საქართველოს პარლამენტში, რომლის საფუძველზეც ოპოზიციის მიერ დაინიცირებული კანონპროექტები, მათ შორის, “ლელოს” მიერ დაინიცირებული კანონპროექტები, რომელიც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებას ემსახურება, არასდროს არ განიხილა ამ კომიტეტმა და ობი დაედო უკვე იმ კანონპროექტებს, დიდი ხნით არის შემოდებული ხელოვნურად თაროზე, და თქვენმა კანონპროექტმა, აი, ასე ციმციმ, ჩქარ-ჩქარა უნდა გაიაროს მან პარლამენტის ყველა დერეფანი. ხომ არ იცნობთ ასეთ პროცედურას და ხომ არ იცით, გამჭვირვალობის სახელით და სამართლიანობის სახელით რომ საუბრობთ, რომ ეს უსამართლობა უნდა შეიმჩნიოთ და ცოტა უხერხულად მაინც იგრძნოთ თავი? და შემდეგი კითხვა, წაკითხული გაქვთ თუ არა ამ ქვეყნის კონსტიტუცია? ზოგადად, ეს დოკუმენტი ხელში თუ გჭერიათ? თუ იცნობთ ამ კონსტიტუციის 78 მუხლს,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მსგავსი თემები