„უნდა გაიშალოს წინააღმდეგობის ერთიანი ეროვნული ფრონტი“ – ანა ნაცვლიშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრის, „ლელოს“ წარმომადგენლის – ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ხალხის ძალის“ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ, პროტესტი ყველგან უნდა ისმოდეს, რომ პარლამენტმა მისი გატანა ვერ შეძლოს.

„რუსული კანონის წინააღმდეგ საქართველოში უნდა გაიშალოს წინააღმდეგობის ერთიანი ეროვნული ფრონტი. წინააღმდეგობა უნდა იყოს კომიტეტზეც, მედიაშიც, სამოქალაქო ჯგუფებშიც, ქუჩაშიც, ყველგან,  ყველგან უნდა ისმოდეს პროტესტის ხმა. ამ პროცესში ყველას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი და თავისი წვლილი შესატანი, მათ შორის, ოპოზიციურ პარტიებსაც“ – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

ოპოზიცია ხვალინდელი პროტესტის დასაგეგმად დღეს პარლამენტში შეიკრიბა. დეპუტატის შეფასებით,  ხვალ რა მოხდება ეს ხვალ გამოჩნდება.

„ვემზადებით ხანგრძლივი, ძალიან პრინციპული და გარდამტეხი წინააღმდეგობისთვის. მხოლოდ ეს კანონი არ არის ის ინსტრუმენტი, რომელსაც „ქართული ოცნება“ რუსული ინტერესების გასატარებლად იყენებს… ხვალ რა იქნება, ვნახავთ ხვალ. გვაქვს დასახული ძალიან კონკრეტული ამოცანები, მათ შორის ამოცანის ერთ-ერთი ნაწილი არის, რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანთან მივიტანოთ ძალიან გასაგებად ახსნილი, რა საფრთხეს უქმნის რუსული კანონი საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს“ – განაცხადა ნაცვლიშვილმა მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვაა დაგეგმილი.

 

მსგავსი თემები