მოვუწოდებთ შსს-ს შეწყვიტოს აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაკავების გაუმართლებელი პრაქტიკა – არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციები გუშინ პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, სადაც აქციაზე 36 ადამიანი დააკავეს.  არასამთავრობო ორგანიზაციები შსს მოუწოდებს შეწყვიტოს აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაკავების გაუმართლებელი პრაქტიკა.

,,წუხელ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა არსებული კანონმდებლობა, პოლიციის ხელში რეპრესიული ინსტრუმენტია, რომელიც უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვისათვის გამოიყენება.

დაკავებულთა ნაწილის უფლებებს ხელმომწერი ორგანიზაციების ადვოკატები იცავენ, თუმცა, ამ პროცესში მნიშვნელოვანი დაბრკოლებები გამოიკვეთა. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ამ დროისათვის მინიმუმ 15 პირი იმყოფება დროებითი მოთავსების იზოლატორებში (მონაცემები ზუსტდება). ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულთა ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში საპატრულო პოლიციის მანქანებში ჰყავდათ და იზოლატორებში მათი შეყვანა მხოლოდ დილიდან დაიწყო. გართულებულია ადვოკატებისათვის და ოჯახის წევრებისათვის დაკავებულთა ზუსტი ადგილსამყოფელის დადგენის საკითხიც, რაც აფერხებს ადვოკატთან შეხვედრის, და შესაბამისად, უფლებების დაცვის შესაძლებლობებს. ზოგიერთი დაკავებული საუბრობს ფიზიკურ დაზიანებებზე, რომლებიც დაკავებისას მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება, რა გახდა დაკავებულთა გარკვეული ნაწილის ამ დრომდე იზოლატორებში დაყოვნების საფუძველი და რატომ არ გათავისუფლდნენ ისინი სხვა პირების მსგავსად ღამით, ხელწერილის საფუძველზე.

მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავების და დაკავების შემდგომი პრაქტიკა არის მიუღებელი და არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს: ყველა დაკავებულს მიეცეს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა; დაკავებულთა ადვოკატებს დროულად მიეწოდოთ ინფორმაცია, რომელ იზოლატორებში არიან გადაყვანილნი მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები; დაუყოვნებლივ მოხდეს დაკავებული პირების გადაყვანა სასამართლოში და დაკავების ვადა 48 საათამდე გაუმართლებლად არ გახანგრძლივდეს.

მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს: დროულად შეისწავლოს მედია წარმომადგენლების და დემონსტრანტების დაკავების/სავარაუდო დაზიანების ფაქტები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

დაკავებულთა უფლებების დაცვას მომავალშიც გავაგრძელებთ. #არარუსულკანონს!“,- ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

 

მსგავსი თემები