როგორ უჩერებს პროფესიული განვითარების საბჭო ექიმებს სერტიფიკატებს – სალომე ლოლუა „მედიაცენტრ მთავარში”

„ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის” თავმჯდომარე სალომე ლოლუა „მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ექიმთა სერთიფიცირების შეჩერების საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, რიგ შემთხვევაში ადგილი აქვს ექიმთა უფლებების ხშირ დარღვევას.

სალომე ლოლუამ დეტალურად განმარტა, თუ როგორ ხდება ექიმებისთვის სერთიფიკატის შეჩერება.

,,უკმაყოფილო პაციენტი ან პაციენტის პატრონი წერილობით მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს, კონკრეტულად რეგულირების სააგენტოს. რეგულირების სააგენტო  აგზავნის ექსპერტიზაზე სამედიცინო ისტორიას, შემდეგ საქმე განსახილველად გადის პროფესიული განვითარების საბჭოზე. პროფესიული განვითარების საბჭოს ხელმძღვანელი არის ჯანდაცვის მინისტრი. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, სამედიცინო ასოციაციების და უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები და სხვადასხვა სპეციალობის ექიმები.

ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დგება არამხოლოდ პაციენტის ან პაციენტის პატრონის საჩივრის საფუძველზე, არამედ ფეისბუქ სტატუსის, ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის, მედიაში გადაცემის შედეგად. ევროპაში, ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი, რომ დადგეს პაციენტი ან პაციენტის პატრონი საჩივრით უნდა მივიდეს სასამართლოში, სხვა შემთხვევა უბრალოდ არ განიხილება. როდესაც სამინისტრო ექსპერტიზაზე აგზავნის სამედიცინო ისტორიას პაციენტის და ექიმის სახელი/გვარი არ არის დაფარული. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა არის პატარა და სუბიექტური გავლენები გარკვეულწილად გავლენას ახდენს ექპერტიზის დასკვნაზე. ასევე, მნიშვნელოვანია ტენდენციურობა, რომელიც აღინიშნება დღევანდელი მინისტრის პირობებში. ხშირად საუბრობენ, რომ ის იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს. პროფესიული განვითარების საბჭოს ხელმძღვანელი არის ჯანდაცვის მინისტრი, მას არ აქვს სამედიცინო განათლება და ხშირ შემთხვევაში ხდება ერთპიროვნული, ემოციური გადაწვეტილებების მიღება. აქედან გამომდინარე შეიძლება ვიფიქროთ, რომ გადაწყვეტილებები, რომელიც პროფესიული განვითარების საბჭოს გამოაქვს გარკვეულ ღრმა სამედიცინო შესწავლებს არის მოკლებული,”- განაცხადა სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში”.

დროებით ან სამუდამოდ სტატუსი 11 ექიმს შეუჩერდა – სალომე ლოლუა “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები