„ალალად გვითხარი, რომ გვინდა რუსეთი, პატიოსნად გვითხარი რა“, –  ალეკო ელისაშვილი

„ვინმეს ეჭვი თუ ეპარება, რომ ხალხს უჭირს, ამ წუთსაც მთელი შემადგენლობით წავიდეთ ნავთლუღის ბაზარში და ვნახოთ ტალახში, წვიმაში, თოვლში, უბედურებაში ხუთი ლარის საშოვნელად რომ ზის ხალხი ქუჩაში, შვილს ორი ლუკმა მიუტანოს“ – მიმართა „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს „ხალხის ძალის“ კანონპროექტის განხილვისას, რომელიც პარლამენტში 3 საათზე მეტია ხმაურითა და ფიზიკური დაპირისპირებით გრძელდება.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, როცა ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, „აგენტების შესახებ კანონი“ სრული უგუნორობაა.

„ჯიპებიდან“ შეიძლება არ ჩანს, მაგრამ გავიდეთ ქუჩაში, ნავთლუღის ბაზარში გავიაროთ, ხალხი ტალახში და წვიმაში რომ არის, იმას ფიქრობს, ოღონდ აგენტების კანონი მიიღონ, ესღა დარჩაო? სხვა დარდი, სხვა პრობლემა ქვეყანაში არ არის? „არ ვიცი, როგორი სხდომაა ეს. ამ პარლამენტში რომ შემოვდიოდი, თან იცით, როგორი გზითაც შემოვედით, რა ჯოჯოხეთი გამოგვატარეს, მიგვაჩნდა, რომ ქვეყნისთვის სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. იმას ვფიქრობდი და იმ განცდით მოვედი, რომ რაღაცას გავაკეთებ-მეთქი, არის პარლამენტი, საპარლამენტო რესპუბლიკა გვაქვს, საზედამხედველო ორგანო, ბევრი ბერკეტია. მე თვითონ საშინელი გაჭირვება გამომივლია და ვერავის გავაკვირვებ ჩემი ოჯახის გაჭირვებით, ისევე, როგორც იმედი მაქვს, თქვენც იცით და მგრძნობელობა ბოლომდე არ დაგიკარგავთ, დღესაც როგორ უჭირს ქვეყანას.

პრობლემა არ არის ამ ქვეყანაში? ნიკა (სამხარაძე), ეს მინდა გკითხო, სხვა პრობლემა ამ ქვეყანაში არ იყო, რომ ეს რაღაც დავიდარაბა არ შემოგეტანათ? თქვენთვისაც ნერვები არ დაგეწყვიტათ, ჩვენთვისაც და ხალხისთვისაც, ვინც ახლა გვიყურებს. სხვა პრობლემა არ იყო? უკვე აბსოლუტურად ყველაფერი მოვაგვარეთ, ერთი დარჩა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მართლა მუხლჩაუხრელად შრომობენ, უკეთესი ქვეყანა იყოს.

ყველა გირჩევს, ნუ აკეთებ ამას, საით მიდიხარო, გვეუბნებიან, შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ყველა. ხომ იცით, ჩემზე კარგად იცით, რაზეც ვლაპარაკობ და მაინც ამას რატომ აკეთებთ? ალალად გვითხარი, რომ გვინდა რუსეთი, პატიოსნად გვითხარი რა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი თემები