საქართველოს კონფლიქტურ ზონებში, 2009-2016 წლებში 14 000 ადამიანი დააკავეს – ანგარიში

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში 11 მარტს, 12:00 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოადგენს ანგარიშს – „მავთულხლართების ზონა – ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებზე“. ანგარიში, ძირითადად, ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოქალაქეებისგან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ადამიანის უფლებათა ცენტრში განუცხადეს, კვლევის მიმდინარეობისას ორგანიზაციის წარმომადგენლები 8 -ჯერ იმყოფებოდნენ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებთან განლაგებულ 27 სოფელში. შეხვდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს. მოისმინეს მათი პრობლემები და მიღებული ინფორმაცია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებით გაანალიზდა.

მათივე ინფორმაციით, ანგარიში ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა და ანგარიში ასახავს აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებზე ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებს, მათ შორის, თავისუფლების უკანონო შეზღუდვის, უკანონოდ დაკავებულ პირთა მოპყრობის, გადაადგილებისა და განათლების თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებს.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გამყოფ ხაზებზე ადამიანთა დაკავება ხშირად ხორციელდება ე.წ. გამყოფი ხაზების მიღმა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. დაკავებებს აქვს შემთხვევითი ხასიათი და მოსახლეობისათვის რთულია იმის პროგნოზირება, თუ ისინი რა ტერიტორიაზე შეიძლება დააკავონ. დაკავების გარკვეულ იზოლატორებში არ არის სათანადო პირობები. გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც დაკავებულ პირებს არასათანადოდ ეპყრობიან. 

“აფხაზეთის გამყოფ ხაზზე დაკავებულთა რაოდენობა საგანგაშოა. რუსეთის ფედერაციის საზღვრის დაცვის სამსახურის მონაცემებით, დაკავებულთა რაოდენობა 2009-2016 წლებში 14 000-ს ადამიანს შეადგენდა. გალში მცხოვრები მოსახლეობისათვის პრობლემურია სათანადო დოკუმენტაციის მიღება, რაც მათ უზღუდავს გამყოფ ხაზზე თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობას. აღნიშნული შეზღუდვები წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც დეტალურად არის განხილული ანგარიშში. ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაციები საქართველოს სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმართ”, – აცხადებენ ორგანიზაციაში ანგარიშის შესახებ.

მისამართი: თბილისი, ლადო გუდიაშვილის ქუჩის N 7, ეროვნული ბიბლიოთეკის III (ადმინისტრაციული) კორპუსი – საკონფერენციო დარბაზი.

მსგავსი თემები