რატომ ეთიშებიან 25-35 წლის ქალები სამსახურს?!

 

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის – რაისა ლიპარტელიანის განცხადებით, დამსაქმებლები სამუშაო ძალის აყვანისას უპირატესობას მამაკაცებზე აკეთებენ, ვიდრე ქალებზე. მისივე შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქალების კვალიფიკაცია გაცილებით მაღალია ვიდრე მამაკაცების, არჩევანი მაინც მამაკაცებზე კეთდება.

აღნიშნულ თემაზე რაისა ლიპარტელიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„სრულყოფილი კვლევა, რატომ უხდიან ქალებს 33%-ით დაბალ ხელფასს, ვიდრე კაცებს, არ ჩატარებულა. თუმცა, ჩვენი გამოცდილებითა და პრაქტიკით, ამას აქვს სხვადასხვა მიზეზი. რიგ შემთხვევაში, დღესაც, 21-ე საუკუნეში, ქალებს დღემდე ისევ პრობლემა აქვთ განათლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით. მაგრამ, საქართველოში ქალებს უკეთესი განათლება აქვთ ოფიციალური სტატისტიკით, ვიდრე მამაკაცებს. ეს ეხება როგორ პროფესიულ ისე უმაღლეს განათლებას. შესაბამისად, ეს არ შეიძლება აიხსნას ქალების დაბალი კვალიფიკაციით“ – აღნიშნა ლიპარტელიანმა.

მისივე შეფასებით, ძირითადი მიზეზი, რის გამოც ქალი ვერ საქმდება, ოჯახური ვალდებულებებია.

„ეს არის საზოგადოებაში გაბატონებული სტერეოტიპები ქალისა და მამაკაცის როლის შესახებ.  ქალი ისევ მოიაზრება სახლში, ბავშვებთან, ოჯახურ ვალდებულებებთან. ძალიან ხშირ შემთხვევბში, ქალთა დაბალი ჩართულობა შრომით ბაზარზე სწორედ იმ ასაკთანაა კავშირში, როცა ისინი ქმნიან ოჯახებს და აჩენენ ბავშვებს – 25-დან 35 წლამდე.

რა გამოდის? იმის გამო, რომ ისინი მეტად არიან ოჯახური ვალდებულებებით დატვირთული, ერთო მხრივ, მათთვის შეუძლებელია დასაქმება, რადგან, მათ ევალებათ ამ საქმის კეთება. ძალიან ხშირად, დამსაქმებლებიც უპირატესობას ანიჭებენ მამაკაცებს და არა ქალებს. გარდა ამისა, თუ მუშაობს ქალი და აქვს ისეთი შემოსავალი, რომ ვერ უმკლავდება ოჯახურ ვალდებულებებს, ვერ აიყვანს ძიძას და ასე შემდეგ, ზოგჯერ და ძალინ ხშირად,  მომუშავე ქალები ეთიშებიან შრომის ბაზარს“ – აღნიშნა რაისა ლიპარტელიანმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

 

მსგავსი თემები