,,ვითხოვთ, ტრეფიკინგის მუხლი არ გავრცელდეს სავალდებულო სამხედრო გაწვევაზე”- ალექსანდრე რაქვიაშვილი

,,ვითხოვთ, რომ დროებით, ვიდრე სავალდებულო გაწვევა არ გაუქმდება, ტრეფიკინგის მუხლი არ გავრცელდეს სავალდებულო სამხედრო გაწვევაზე,”- ამის შესახებ „გირჩის“  წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანის მუქარით იძულება, იმუშაოს მისი ნების წინააღმდეგ, ტრეფიკინგია.

„მარტივად რომ ვთქვათ, თუ ადამიანს თავისი ნების წინააღმდეგ მუშაობას აიძულებენ, ეს არის ტრეფიკინგი და კანონით ისჯება. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მთავრობა აპირებს, იგივე განახორციელოს ქვეყნის მასშტაბით 18-27 წლის ბიჭების მიმართ, რასაც ისინი ეძახიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს. ანუ, ციხის მუქარით აპირებენ, ადამიანები საკუთარი ნების წინააღმდეგ ამუშაონ 125 ლარად – ზოგი შლაგბაუმზე, ზოგი ვიშკაზე და ა.შ. ჩვენ ვითხოვთ, რომ დროებით, ვიდრე სავალდებულო გაწვევა არ გაუქმდება, ტრეფიკინგის მუხლი არ გავრცელდეს სავალდებულო სამხედრო გაწვევაზე. ეს არის სადისტური კანონი, რომელიც პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა, თუმცა ამაში ნებსით თუ უნებლიედ ჩვენი სამხედროები ჩაერთვებიან და ფაქტობრივად მათ დავაკისრებთ პოლიციურ ფუნქციებს, რომ სდიონ იმ ადამიანებს, ვისაც ჯარში წასვლა არ უნდათ. ვინც ასეთი ტრეფიკინგის მსხვერპლი იქნება, ჯარში პროფესიონალების გვერდით აღმოჩნდებიან მაშინ, როცა ისინი მხოლოდ იმაზე იფიქრებენ, ჯარიდან როგორ წავიდნენ. ეს დაუშვებელია და ჯარის მიმართ უპატივცემულობაა. ვინც ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს, პოლიტიკიდან განდევნილი უნდა იყოს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

მსგავსი თემები