,,სააკაშვილმა მითხრა, სუს-ის აგენტი ხარო, ამის შემდეგ მის პალატაში აღარ შევსულვარ”- თამარ დავარაშვილი

კლინიკა „ვივამედის“ ექიმი თამარ დავარაშვილის განცხადებით, ის მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი აღარ არის. ექიმის თქმით, ექსპრეზიდენტმა მას სუს-ის აგენტი უწოდა.

„როდესაც ერთ-ერთ ტელეეთერში გავიდა გადაცემა, ეს იყო 26 თებერვალს, მეორე დღეს ჩვეულებრივად შევედი სამუშაოდ პალატაში. პაციენტი უცნაურად შემხვდა. მივხვდი, რომ გადაცემა ნანახი ჰქონდა. ვკითხე ამის შესახებ და მითხრა, რომ სუს-ის აგენტი ხარო. ეს ჩემთვის იმდენად მოულოდნელი და შეურაცხმყოფელი იყო, მას ვუთხარი, გავალ პალატიდან და აღარ შემოვალ-მეთქი. იმის შემდეგ მართლაც არ შევსულვარ პალატაში და არც არასოდეს შევალ. ეს გადაცემა კვირას, საღამოს იყო და ეს მითხრა ორშაბათს. მივედი ჩემს უფროსებთან, მათ ვუთხარი, რაც მოხდა. 10 თვე ნამდვილად ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მას ისეთი ცხოვრების წესი ჰქონოდა, რაც მის ჯანმრთელობას სჭირდება. სააკაშვილს ახლა ახალი მკურნალი ექიმი ჰყავს. მას იცნობს, მორიგეობაზე შედიოდა ხოლმე“, – განაცხადა  თამარ დავარაშვილმა ”რუსთავი 2-ის” ეთერში.

მსგავსი თემები