კარტელური გარგება – წამლებზე ფასები 2 დღეში ერთიანად გაიზრდა

„კლასიკური მაგალითია კარტელური გარიგების, როდესაც ვხედავთ, რომ ერთი-ორი დღის განმავლობაში, ერთიანად, მთელ ბაზარზე იზრდება მედიკამენტებზე ფასები და ჩვენი რეაგირების შემდეგ, ძალიან სწრაფად, ისევ მცირდება“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილმა იმ სოციალურ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა, რომელიც ფარმაცევტულ სექტორს ავალდებულებს მოქალაქეს არ შეუზღუდოს ხელმისაწვდომობა სასიცოცხლოდ აუცილებელ მედიკამენტებზე.

„კანონის გარდა არის სხვადასხვა ელემენტები – სოციალური პასუხისმგებლობა, ეთიკური მარკეტინგი. გულწრფელად გეტყვით, მოლოდინი გვქონდა, რომ ბიზნესის  მხრიდან არ იქნებოდა მსგავსი ტიპის შეთანხმებები. სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა, მაგრამ ჩვენი მხრიდანაც იყო მყისიერი რეაგირება. როგორც ნახეთ, რამდენიმე დღის განმავლობაში მკვეთრად გაძვირდა ფასები, რეაგირების შემდეგ კი ასევე მკვეთრად შემცირდა“, – განაცხადა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

ზურაბ აზარაშვილმა, აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტების თავიდან ასარიდებლად, სამინისტრო რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებაზე მუშაობს.

„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა კონკურენციის სააგენტოს, რომელიც ჩვენგან შეტყობინების მიღების შემდეგ მყისიერად ჩაერთო, შეისწავლის ამ საკითხს და სამართლებრივ დასკვნას ის გამოიტანს. თუმცა მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად, ჩვენ, პარალელურად უკვე დავიწყეთ მუშაობა. წინა კვირაში, როდესაც მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა, მაშინვე დავიწყეთ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების შეტანა. აღნიშნული ორშაბათს განიხილა და დაამტკიცა პრემიერ-მინისტრმა. ეს იყო ცვლილება რომელიც ეხებოდა განსაკუთრებული, სახელმწიფო მნიშვნელობის მედიკამენტებს – ასეთში შეიძლება მოიაზრებოდეს გარკვეული ონკოლოგიური მედიკამენტები, ასევე ის მედიკამენტები რომლებიც ერთი წლის წინ, ჩვენ მნიშვნელოვნად გავაიაფეთ თურქეთიდან პარალელური იმპორტის დაშვებით. ამ მედიკამენტებზე, სრული დელეგირება აქვს უწყებათაშორის საბჭოს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

 

მსგავსი თემები