მინისტრის განცხადებით, ქსელური აფთიაქები საბოტაჟი შეინიშნება

ჯანდაცვის მინისტრი  მედიკამენტებზე ხელოვნურად გაზრდილ ფასებში  ჰოლდინგის ტიპის კომპანიებს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ისინი შეთანხმებულად მოქმედებენ.

„შეთანხმებებით, ან კიდევ უფრო მძიმე შეთანხმებებით, მაგალითად, საბოტაჟით, შეუძლიათ, იმპორტი არ განახორციელონ, ან თუ სხვა, შედარებით მცირე კომპანია განახორციელებს იმპორტს, აფთიაქებში არ მისცენ მედიკამენტის გაყიდვის შესაძლებლობა“ – აცხადებს მინისტრი აზარაშვილი.

მისივე თქმით, სააფთიაქო ბაზარზე კონკურენცია არ არის.

ჰოლდინგებს შეუძლიათ, უკარნახონ პატარა აფთიაქებს თავისი პირობები. წინა კვირაში განვითარებული მოვლენებით დავრწმუნდით, რომ საცალო სააფთიაქო ბაზარზე კონკურენცია არ არის – მარტივი შეთანხმებით შეიძლება, ნებისმიერ მედიკამენტზე ნებისმიერი ფასი დაწესდეს, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება რეალობას და იძულებული იყოს მომხმარებელი, ეს ფასი გადაიხადოს.

ამიტომ, ჩვენი ყველა გადაწყვეტილება მიმართული იქნება იმისკენ, რომ კიდევ მეტი კონკურენცია იყოს ბაზარზე და მცირე ზომის კომპანიებს ბაზარზე ოპერირების შესაძლებლობა მიეცეთ, როგორც იმპორტის ნაწილში, ისე დისტრიბუციისა და აფთიაქების ნაწილში.  ცვლილებები უკვე დაწყებული გვაქვს და ვფიქრობთ, მაქსიმუმ, მომდევნო წლის ბოლომდე, ყველა ცვლილება, რაც ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობასთან არის დაკავშირებული, სრულად რეალიზებული იქნება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მსგავსი თემები