„მედიკამენტებზე ხელოვნურად გაზრდილმა ფასებმა დაგვარწმუნა, ჰოლდინგის ტიპის კომპანიებს შორის, შეთანხმებულ მოქმედებებში“ – მინისტრი

„გასულ კვირაში, მედიკამენტებზე ხელოვნურად გაზრდილმა ფასებმა დაგვარწმუნა, ჰოლდინგის ტიპის კომპანიებს შორის, შეთანხმებულ მოქმედებებში და ბაზარზე მათ დომინანტობაში, რაც სამწუხაროდ, რეალობაა“, – განაცხადა განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, საქართველოში არსებობს ჰოლდინგები, რომლებიც აერთიანებს წამლის იმპორტიორ, დისტრიბუტორ, საცალოდ გამყიდველ და რიგ შემთხვევებში, ადგილობრივად მწარმოებელ კომპანიებს. ასევე, სადაზღვევო კომპანიებსა და კლინიკებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სწორედ ასეთ ჰოლდინგებს აქვთ ბაზარზე დომინირებისა და თამაშის წესების კარნახის შესაძლებლობა.

„ეს ჩვენთვის მიუღებელია. დაწესებული რეგულაციებითა და კონტროლით მივაღწევთ იმას, რომ ბაზარი იყოს რაც შეიძლება, გამჭვირვალე, ჩვენი მოქალაქეებისთვის კი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს, როგორც სამედიცინო სერვისები, ისე – მედიკამენტები. საბოლოო ჯამში, რა საკვირველია, ჰოლდინგების დაშლამდე მივალთ. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რეფორმა და ცვლილება, ვერ მიიღწევა, რადგან ასეთ ჰოლდინგებს შეუძლიათ, ქვეყნისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის სამწუხარო  გადაწყვეტილებების მიღება“  -აცხადებს მინისტრი.

მსგავსი თემები