„აბსურდამდე მიდის ეს დისკუსია“ –  შალვა ელჩებთან შეხვედრაზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის თაობაზე კანონპროექტებთან დაკავშირებით შეხვდა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო იმ წუხილზე, რომელიც გამოთქმულია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა” და უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” პროექტებთან დაკავშირებით.

„ჩვენ ამაზე სხვა დროსაც გვქონდა საუბარი. მესმის, რომ ასეთი წუხილები შეიძლება იყოს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ხდება თავად დისკუსიის სტიგმატიზება. ფაქტია უკვე, ამერიკული კანონის პირდაპირი ასლი დაინიცირდა, და კანონსაც კი  დაარქვეს არა ამერიკული არამედ რუსული. აბსურდამდე მიდის ეს დისკუსია და გასაგებია, რომ არის მცდელობა დისკუსიის სტიგმატიზების. მიუხედავად იმისა, რომ სტიგმატიზების დიდი ტალღაა ჩვენ საკმაო დრო დავუთმეთ იმაზე საუბარს თუ რა მნიშვნელობა აქვს გამჭვირვალობას. ისევე როგორც გუშინ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან გვქონდა საუბარი; არის ურთიერთგაგება, რომ გამჭვირვალობა იმ აქტორებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებასა და მიღებაში, გამჭირვალობის მოთხოვნა ჩვენს მოქალაქეებს აქვთ და პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ ეს მოთხოვნა რეალიზდეს. ჩვენ ამ საჭიროებებზეც ვისაუბრეთ.

ვუთხარით, რომ ვენეციის კომისიაში გავგზავნით ორივე კანონპროექტს, და დაველოდებით ვენეციის კომისიის მოსაზრებებს. ამასობაში არის საკმარისი დრო, რომ სხვა მსჯელობაც იყოს“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ  იმედი გამოთქვა, რომ სამოქალაქო საზოგადოება დისკუსიის სტიგმატიზების და ტაბუირების ნაცვლად, აქტიურად იმუშავებს პარლამენტთან რათა აღმოიფხვრას  არასაკმარის გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკანომდებლო ხარვეზი.

„იმედი მაქვს, რომ სამოქალაქო საზოგადოება, ნაცვლად იმისა, რომ დისკუსიის ტაბუირება მოახდინოს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, პირიქით, აჩვენებს, რომ თუკი ისინი ამ საკითხში თავს  დაჯერებულად და ძლიერად გრძნობენ, რომ ისინი არიან მართლები ამ საკითხში და როგორც ისინი დახურულ კარს მიღმა საუბრებში ამბობენ, თვლიან, რომ გამჭვირვალობა მნიშნელოვანია, რომ გამჭვირვალობის ის დონე, რომელიც დღეს არსებობს არ არის საკმარისი,  თავად იყვნენ აქტიური ამ საკითხებში, რომ იმუშაონ პარლამენტთან იმასთან დაკავშრებით, თუ როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი გამჭვირვალობა და ის ხარვეზი, რომელიც ჩვენს სისტემას აქვს. პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების ფორმირებაში მონაწილე ყველა აქტორი, სახელმწიფო ინსტიტუტები, პარტიები და საჯარო მოხელეები არიან გამჭვირვალეები თავიანთ ფინანსებში და მხოლოდ ერთი აქტორი-არასამთავრობო სექტორი არის გაუმჭვირვალე ამ მხრივ, უფრო სწორად, სხვადასხვა ტიპის გამჭვირვალობა არის ამ  ტიპის ორგანიზაციებში, რომ ეს ხარვეზი აღმოიფხვრას“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

მსგავსი თემები