,,უკრაინამ დაამარცხა პუტინის ზამთრის ტერორი”- დმიტრო კულება

,,2023 წლის 1 მარტს პუტინმა სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან მეხუთე დიდი მარცხი განიცადა – უკრაინამ დაამარცხა მისი ზამთრის ტერორი,”- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოცაილურ ქსელ ”ფეისბუქში” წერს.

მინისტრის თქმით, უკრაინა არ დაცემულა და არასდროს დაეცემა.

,,ჩვენ ისტორიაში ყველაზე მკაცრი ზამთარი გადავიტანეთ. სიცივესა და სიბნელეში ვიყავით, მაგრამ ვიყავით გაუტეხელები. პარტნიორები თავიანთი დახმარებით, ჩვენთან ერთად იდგნენ. გაიმარჯვა ევროკავშირმაც, რომელიც რუსული გაზის გარეშეც არ გაიყინა…

ასე რომ, ეს უკვე მეხუთე მარცხია.

პირველი მარცხი მაშინ იყო, როცა დაწყების პირველივე წუთებიდან პუტინს შიშით პარალიზების საშუალება არ მივეცით.

მეორე ის, როცა რუსული ბლიცკრიგის გეგმა ჩავშალეთ. უკრაინა არ დაცემულა არც სამ დღეში, არც შვიდში, არც ერთ თვეში, არც წელიწადში. და ის არასდროს დაეცემა.

მესამე მარცხი ჩვენ მივაყენეთ რუსეთის ფედერაციას დიპლომატიურ ფრონტზე: მსოფლიო კოალიცია უკრაინისთვის, რეზოლუციები, იზოლაცია, იარაღის ნაკადები, სანქციები, ენერგია, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას.

მეოთხე მარცხი რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დიდი ნაწილის დაკარგვა უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის ძალების ეფექტური მოქმედებებისა და კონტრშეტევების შედეგად.

საბოლოო გამარჯვებამდე ჯერ კიდევ რთული გზაა. მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, როგორ მოვიგოთ. ამისთვის ყოველდღე უნდა ვიმუშაოთ და გვჯეროდეს უკრაინის,”- წერს კულება.

მსგავსი თემები