მთაწმინდის პარკში ​ღვინის ფესტივალი გაიმართება – საოჯახო მარნები დეგუსტაციის წესით შეირჩევიან

თბილისში, მთაწმინდის პარკში, 11 მაისს, “ახალი ღვინის ფესტივალი 2019” გაიმართება, რომელში მონაწილეობა ყველა ოჯახური ღვინის მწარმოებელს შეუძლია. ფესტივალის მონაწილე საოჯახო მარნები დეგუსტაციის წესით შეირჩევიან. მთავარი პირობის თანახმად, წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ 2018 წლის მოსავლის ახალი ღვინო. მსურველებმა რეგისტრაცია 15 აპრილამდე უნდა გაიარონ. 

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ფესტივალის ორგანიზატორებმა განუცხადეს, მონაწილეები შესარჩევ ტურს გაივლიან. “ღვინის კლუბის” სპეციალური ჟიური შესული ნიმუშებიდან საუკეთესო ღვინოებს შეარჩევს, რომლებიც შემდგომ ფესტივალზე დაიშვებიან. შესარჩევ ტურშიც, ისევე როგორც ფესტივალზე მხოლოდ 2018 წლის მოსავლის ღვინო უნდა წარმოადგინონ. ნიმუშების მიღება უკვე მიმდინარეობს.

​მონაწილეთა ვინაობა ფესტივალამდე 10 დღით ადრე გახდება ცნობილი.

რიგით მე–10 “ახალი ღვინის ფესტივალი 2019” –ის მხარდამჭერები ტრადიციულად არიან – ღვინის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერია. ღონისძიების პარტნიორია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

ყველაზე საინტერესო, წინასაფესტივალო დეგუსტაცია 4 მაისს გაიმართება, სადაც 2009–2010 წლის 10–ზე მეტი ღვინო იქნება წარმოდგენილი.

“ახალი ღვინის ფესტივალი წლების მანძილზე უკვე ნამდვილ სახალხო დღესასწაულად ჩამოყალიბდა, რომლის მთავარი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა. 2010 წლიდან დაწყებული, ყოველ წელს ფესტივალის მასშტაბი იზრდება, ახალ-ახალი საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები გამოდიან ასპარეზზე და გვაცნობენ თავიანთ მოსავალს, ნაშრომს. გასულ 2018 წელსაც ფესტივალზე შეკრებილი იყო დიდი, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ასოციაციები და სახელმწიფო ორგანიზაციები – სულ 200-ზე მეტი სუბიექტი”, – აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

მათივე ინფორმაციით, ახალი ღვინის ფესტივალს ღვინის მწარმოებლების გარდა მოუთმენლად ელიან ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულები. მსოფლიოს სახელოვან ღვინის მაგისტრებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს ტრადიციულად ჩანიშნული აქვთ ახალი ღვინის ფესტივალის თარიღი (მაისის მეორე შაბათი) და ემზადებიან ქართულ ღვინოებთან შესახვედრად.

ფესტივალზე დასწრება უფასოა. 

მსგავსი თემები