დაჯარიმებულია 181 საზედამხედველო სუბიექტი – ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

ფინანსური ინსტიტუტების მიმართ ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის დაწესება პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს საფინანსო ინსტიტუტში შიდა კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებას, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში ანათქვამი.

2021 წლიდან დაჯარიმებულია სულ 181 საზედამხედველო სუბიექტი: 11 კომერციული ბანკი; საგადახდო მომსახურების 12 პროვაიდერი; ხუთი საბროკერო კომპანია; 32 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია; ფასიანი ქაღალდების სამი რეგისტრატორი; სესხის გამცემი ექვსი სუბიექტი; ვალუტის გადამცვლელი 112 პუნქტი.

„გუშინ ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია საფინანსო სექტორის საზედამხედველო ზომების შესახებ. მიუხედავად დეტალური განმარტებისა, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ საზოგადოებას არასწორად მიაწოდა ინფორმაცია ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების დაჯარიმების შესახებ, თითქოს ჯარიმა მხოლოდ ერთ კონკრეტულ საფინანსო ორგანიზაციას დაეკისრა.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ეროვნული ბანკი, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, საფინანსო სექტორის ყველა წარმომადგენელს რეგულარულად ამოწმებს. შემოწმების შედეგად, ფინანსური ინსტიტუტისთვის განისაზღვრება შესაბამისი რეკომენდაციები და გასატარებელი ღონისძიებები. საფინანსო სექტორის წარმომადგენელს, საზედამხედველო ზომის სახით, შესაძლოა, ასევე ფულადი ჯარიმაც დაეკისროს. ფინანსური ინსტიტუტების მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის დაწესება პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს საფინანსო ინსტიტუტში შიდა კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებას.

ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორის წარმომადგენლისთვის დაკისრებული სანქციის შესახებ ინფორმაცია საჯაროა და 2020 წლიდან რეგულარულად ქვეყნდება. გამოქვეყნებას ექვემდებარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღმკვეთი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის გამო გამოყენებული ყველა ტიპის სანქცია, მიუხედავად სანქციის სახის, კატეგორიის, შინაარსის, ფულადი ჯარიმის ოდენობისა და დარღვევის მატერიალურობისა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

 

მსგავსი თემები