Google Cultural Institute -ის პლატფორმაზე დავით კაკაბაძის ბიოგრაფია განთავსდა

ხელოვნების სასახლისა და Google-ის ერთობლივი პროექტი, მსოფლიოს უდიდეს აუდიტორიას ცნობილი ქართველი მხატვრის, დავით კაკაბაძის სამეცნიერო მოღვაწეობას გააცნობს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ხელოვსნების სასახლეში განუცხადეს, პროექტი ნახევარი წლის განმავლობაში მზადდებოდა და Google Cultural Institute-ის პლატფორმაზე უკვე განთავსდა. ის მსოფლიოს გამომგონებლებისადმი მიძღვნილი იმ დიდი გამოფენის ნაწილია, რომელსაც „ცდა მსოფლიოსთვის” ეწოდება.

მათივე ინფორმაციით, საქართველო ​კავკასიის რეგიონიდან პირველი ქვეყანაა, რომელიც აღნიშნულ სამეცნიერო-საგამოფენო პროექტში მონაწილეობს. 

დავით კაკაბაძე პირველი და ერთადერთი ქართველი გამომგონებელია, რომელსაც ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში დამთვალიერებელი იხილავს.

“დავით კაკაბაძე: ექსპერიმენტები ხელოვნებასა და ტექნოლოგიაში” – ასე ეწოდება იმ ვირტუალურ გამოფენას, რომელიც ხელოვნების სასახლეში დაცული საარქივო მასალებისა და კოლექციების ბაზაზე მომზადდა და რომელიც 14 სლაიდს მოიცავს.

ვირტუალური ტური 1922 წელს დავით კაკაბაძის მიერ გამოგონებული სინემატოგრაფის შესახებ მოგვითხრობს. 

მსგავსი თემები