„მოქალაქეების“ სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება

პოლიტიკური ჯგუფის – „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილმა სახალხო დამცველობის კანდიდატად ჯგუფის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი წარადგინა.

 „ჯერ ზუსტად არ ვიცით რა წესით მოხდება სახალხო დამცველობის კანდიდატების შერჩევა, როდის გამოცხადდება და როდის იქნება კენჭისყრები. ყოველ შემთხვევაში,  ახალი წესი არ მოქმედებს, ყველა პარტიას აქვს უფლება დაასახელოს თავისი კანდიდატი   და ჩვენ მივიღეთ  ჩვენთვის ძალიან რთული, მაგრამ დარწმუნებული ვარ ქვეყნისთვის სწორი გადაწყვეტილება. ამ პარლამენტში სულ რამდენიმე ადამიანია, შესაძლოა მხოლოდ ერთი, ვის გარშემოც შესაძლებელია კონსესუსი. ასეთი ჩემი მეგობარი, ჩემო თანაგუნდელი – ლევან იოსელიანია, რომელსაც აქვს უნარი, ცოდნა და შესაძლებლობაც, რომ მიიღოს 90 ხმაც და მეტიც“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფ „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მან აღნიშნა, მათ გარკვეული კონსულტაციები და  კომუნიკაცია ჰქონდათ, როგორც ოპოზიციურ ძალებთან, ასევე მმართველ პარტიასთან.

„ლევან იოსელიანი  იყო ადვოკატი, სანამ პოლიტიკაში ჩაერთვებოდა და ადამიანის უფლებები მისთვის უცხო არ არის.  მაქვს იმედი, რომ ჩვენ შევძლებთ ამ მოწვევის მეტისმეტად პოლარიზებულ  პარლამენტში  შევასრულოთ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი და ის ხარვეზი ამოვავსოთ, რომელიც წარმოიქმნა წინა ჩავარდნილი კენჭისყრის შედეგად.

12 პუნქტის ერთობლივად შესრულება, როგორც არ უნდა გვძულდეს ერთმანეთი მმართველ პარტიას და ოპოზიციას, არის აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი  მივიღოთ“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის – „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები