არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს კლინიკების ასოციაცია“, პარლამენტს მიმართავს და სამედიცინო საქმიანობის გაშუქებასთან დაკავშირებით მედიისთვის შეზღუდვის დაწესებას ითხოვს. კერძოდ, საინფორმაციო სამსახურებს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე არ შეეძლებათ, ექიმების გადაცდომები გააშუქონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოდიში მოხდა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
„მედიის საშუალებებით, ბოლოს დროს იმატა ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მიმართ დაუსაბუთებელი ფაქტების გავრცელებამ და უსაფუძვლო ბრალდებებმა. უდანაშაულობის პრეზუმფციის მსგავსი სახით გაუთვალისწინებლობა იწვევს სამედიცინო პერსონალის უფლებების უხეშ დარღვევას და მათი ღირსებებისა და პატივის განზრახ შელახვას. საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული თითოეული ფაქტი უნდა იყოს მყარად არგუმენტირებული და ეფუძნებოდეს ექსპერტიზის დასკვნას, სამედიცინო საქმიანობაზე ზემდგომი მარეგულირებელი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – ვკითხულობთ ასოციაციის ოფიციალური მიმართვის ტექსტში, რომელიც პარლამენტში შევიდა.
ორგანიზაცია „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვს და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საჭიროებაზე საუბრობს.
მათივე განმარტებით, ბოლო ხანებში, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან იმატა სამედიცინო დაწესებულებებში შეჭრის, დარბევისა და პიკეტირების ფაქტებმა. მსგავსი ფორმით სამედიცინო დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა, ახდენს სამედიცინო პერსონალზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, პრობლემას უქმნის და აფერხებს სხვა ბენეფიციარი პაციენტების კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევის უზრუნველყოფას და შესაბამისად, ირღვევა სხვა პაციენტების უფლებები და ინტერესები.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს კლინიკების ასოციაციის“ წევრები მოითხოვენ, საქართველოს კანონს „საექიმო საქმიანობის შესახებ“ მუხლი 94.4-ის სახით დაემატოს შემდეგი ნაწილი: სამედიცინო საქმიანობის დროს ექიმის მიერ დაშვებული გადაცდომის ან შეცდომის, ან ჩადენილი დანაშაულის შესახებ მასმედიის საშუალებით ღია საუბარი დაუშვებელია, ექსპერტიზის დასკვნის, სამედიცინო საქმიანობაზე ზემდგომი მარეგულირებელი ორგანოს ან სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე. მსგავსი ქმედება იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.
რაც შეეხება მეორე – 94.5 მუხლის დამატებას, მისი ფორმულირება შემდეგია: სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე დაუშვებელია პაციენტის, პაციენტის ახლობლის, ან სხვა პირთა ჯგუფის მიერ ნებისმიერი ფორმით პროტესტის გამოხატვა, რაც გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას, სხვა ბენეფიციარი პაციენტების უფლებებისა და ინტერესების შელახვას, მათთვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევაში ხელის შეშლას.
ორივე შემთხვევაზე გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სანქცია. პირველ ჯერზე ჯარიმა 1000 ლარი და გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა იქნება, მეორე შემთხვევაში კი 2000 ლარიანი ჯარიმა.
როგორც მედიაცენტრი „მთავარს“ „ჯანდაცვის მენეჯერთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა, გელა გოგიშვილმა განუცხადა, ჯანდაცვის სექტორთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კონსესუსისა და ჩართულობით უნდა იქნეს მიღებული.
მისივე თქმით, სამედიცინო სფერო, ზოგადად და კერძოდ, ჰოსპიტალური სექტორი, მაღალი რისკის შემცველი რთული სტრუქტურაა. მნიშვნელოვანია ამ პროცესის ყველა მონაწილე, სამედიცინო გუნდი თუ პაციენტის მხარე ჩართული იყოს პროცესში და გართულების თავიდან ასაცილებლად დროული და ადეკვატური ორმხრივი კომუნიკაცია ხორციელდებოდეს.
“სამედიცინო პერსონალის მიმართ ბრალდებას, ნებისმიერი ბრალდება დასაბუთებული უნდა იყოს საექსპერტო, ზედამხედველობითი თუ სასამართლო გადაწყვეტილებით. მისასალმებელია, თუ ამ თვალსაზრისით შეიქმნება მექანიზმები, ვინაიდან, თუნდაც საექიმო შეცდომა ვრცელი ინფორმაციის შემცველია და მრავალდისციპლინური განხილვა თუ კვლევა სჭირდება“, – აცხადებს გელა გოგიშვილი.
პროტესტის გამოხატვის შეზღუდვას რაც შეეხება, რესპონდენტი ამბობს, რომ პროტესტი დაწესებულების პარალიზებას და ექიმის მხრიდან კვალიფიციური სამედიცინო დახმარების ხელის შეშლას არ უნდა იწვევდეს.
„ბუნებრივია, მედია პროცესებში ჩართული უნდა იყოს, რადგან მას თავის როლი აქვს და იმავდროულად, პროცესები ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვით უნდა შუქდებოდეს. პროცესების ცივილურ ფორმაში მოყვანა და კიდევ უფრო დახვეწა, ჰოსპიტალური სექტორისათვის მნიშვნელოვანი ამოცანა და დიდი გამოწვევაა“, – განუცხადა “მთავარს” გოგიშვილმა.