,,ბანკის მენეჯმენტის მხრიდან ივანიშვილის შანტაჟმა არაერთი კომიკური სიტუაციაც წარმოშვა”- ,,ემ ქეი დი”

იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავს შვეიცარიულ ბანკთან დავაში, განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტი დაუფარავად აშანტაჟებს ივანიშვილს და მიზანმიმართულად ანგრევს საკუთარი ბანკისა და შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯს.

მათივე განვხადებით,  მოცემული სტატია წარმოადგენს იმ სტატიათა სერიის გაგრძელებას, რომლის საზოგადოებისთვის წარდგენის სურვილი და მცდელობაც ივანიშვილს უკვე ორგზის ჰქონდა მხოლოდ 2023 წლის თებერვლის თვის განმავლობაში.

სტატიაში ნათქვამია, რომ სინგაპურსა და გერნსიზე არსებული „კრედიტ სუისს“-ის ტრასტები კლიენტს აქტივებს უკავებდნენ და რომ 2022 წლის სექტემბერში, სინგაპურში, მოსამართლის რეაქციიდან გამომდინარე, ბანკის მენეჯმენტმა გადაწყვიტა სახე შეენარჩუნებინა და სინგაპურის ტრასტიდან გადარიცხა თანხები კლიენტის ინსტრუქციის შესაბამისად.

,,ბანკის მენეჯმენტის მხრიდან ბატონი ივანიშვილის შანტაჟმა არაერთი კომიკური სიტუაციაც წარმოშვა: მათ იმაზე მეტი „ზრუნვა“ დაიწყეს ბატონი ივანიშვილის ოჯახის წევრებზე და მემკვიდრეებზეც კი, ვიდრე უშუალოდ ოჯახის უფროსმა. მხოლოდ ერთი მაგალითის სახით: ყოველთვის, როდესაც ბატონი ივანიშვილი ახორციელებდა თანხის გადარიცხვას ტრასტიდან, უთითებდა შესაბამის დანიშნულებას. ახალ რეალობაში კი, როდესაც ბენეფიციარმა მორიგი გადარიცხვის დანიშნულებად მიუთითა ქველმოქმედება, მან „კრედიტ სუისის“ ტრასტისგან მიიღო პასუხი, რომ ბატონი ივანიშვილი არასტანდარტულად დიდ თანხებს ხარჯავდა ქველმოქმედებაში და ამით საფრთხეში აგდებდა საკუთარი მემკვიდრეების ფინანსური უზრუნველყოფის საკითხს. ამიტომ, ტრასტის მენეჯმენტი მიუთითებდა, რომ ამგვარი ხარჯების გაწევა მიზანშეუწონელი იყო და ამ დანიშნულებით თანხას ვერ გადარიცხავდა. ამის შემდეგ, ბენეფიციარმა მიუთითა, რომ როგორც ჩათვლიდნენ საჭიროდ, ვისზეც ჩათვლიდნენ საჭიროდ და რა პროპორციითაც ჩათვლიდნენ საჭიროდ, ისე გადაერიცხათ თანხა ბენეფიციარსა და მის ოჯახის წევრებზე. ცხადია, ეს მოთხოვნაც ჰაერში გამოეკიდა. დაახლოებით ასე ანეკდოტურად გამოიყურება ბანკის მენეჯმენტის მხრიდან „ზრუნვის აქტები“ ბატონი ივანიშვილის ოჯახისა და მემკვიდრეებისა მიმართ. აქ შევჩერდებით და გამოვეხმაურებით სათაურში გამოტანილ საკითხს: იძლევა თუ არა ამგვარი ფაქტები იმ დასკვნის ობიექტურ საშუალებას, რომ „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტი ახორციელებს პოლიტიკურ შანტაჟს ბატონ ივანიშვილზე და თანაც ისეთი დაუფარავი ფორმით, რომელიც იწვევს ბანკისთვის მძიმე რეპუტაციულ ზიანს? და, იმის გათვალისწინებით, რომ „კრედიტ სუისი“ არის წამყვანი, სისტემური ბანკი შვეიცარიაში, ხდება თუ არა ამით შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯის დაზიანება?,”- ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბანკის მენეჯმენტს მაშველ რგოლად 2022 წლის ივნისის ევროპარლამენტის რეზოლუცია წამოეწია, სადაც ევროპარლამენტი ივანიშვილის სანქცირებას ითხოვდა.

,,ტრასტს, რომელსაც ბენეფიციარების თანხების დაცვა ევალებოდა, 10 წლის განმავლობაში მსგავსს არაფერს აკეთებდა და სწორედ მათი მმართველობის განმავლობაში, ბენეფიციარის ზიანმა მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც მარტივად მტკიცდება ბერმუდასა და სინგაპურის სასამართლოებში. მათ თავიანთი ფუნქცია არათუ სრულად, ნაწილობრივადაც კი ვერ შეასრულეს;

ამის შემდეგ კი, იუმორისტულ ჟანრს მიკუთვნებულ შემდეგ საკითხებს შეგახსენებთ და შევაჯამებთ, იმავე დასკვნის გამოტანის გამარტივების მიზნით:

პირველი: ბატონი ივანიშვილი როდესაც ითხოვს თანხის საქველმოქმედო ფონდში გადარიცხვას, პასუხი მისდის, რომ ის ძალიან დიდ თანხას ხარჯავს ქველმოქმედებაში და შვილებზე შეიძლება არ იზრუნო, მათ რაიმე დააკლო და ამიტომ თანხას ვერ გადმოგირიცხავო; როდესაც, პასუხად, ბატონი ივანიშვილი უცხადებს, თავად გაანაწილეთ თანხები, როგორც საჭიროდ ჩათვლით ჩემს ოჯახზეო, რაზეც წინასწარ გეთანხმებითო, ამაზე პასუხი აღარ ყოფილა;

მეორე: „კრედიტ სუისმა“ კიდევ ერთი, ახალი ბარიერი შექმნა და ტრასტი სამართავად მესამე პირებს გადასცა (თუკი მათ განცხადებას ვენდობით). ერთი წელიწადია ბატონი ივანიშვილი დაჟინებით კითხულობს, თუ ვინ მართავს მის ფულს, ვის უხდის ფულს მისივე აქტივების მართვისთვის, რასაც ასეთივე დაჟინებით არ პასუხობს „კრედიტ სუისი“, ხოლო კლიენტი ღებულობს ამ უცნობი პირების ხელმოწერილ დოკუმენტებს ისე, რომ ამქვეყნად ვერავინი გაარკვევს, თუ ვის ეკუთვნის ხელმოწერა;

მესამე: ბანკმა რომ ვეღარ ნახა ვერანაირი საბაბი თანხის გადმორიცხვაზე უარისთვის: ვეღარც გადმორიცხვის დანიშნულება, ვეღარც ევროპარლამენტის რეზოლუცია, ვეღარც სასამართლოსთვის მიმართვის აუცილებელი წინაპირობის საკითხი, ვეღარც ის, რომ თანხის გადმორიცხვა ტრასტის დახურვას გამოიწვევდა და სხვა, ყველა საკითხი რომ ამოწურა, შემდეგ მიადგა ბოლო მიზეზს: დაუბადებელი შთამომავლები რომ არიან, მათ ზრუნვაზე არ არის კარგად გათვლილი თქვენი მხრიდან თანხის გადმორიცხვის მოთხოვნაო – უპოვარი არ დარჩნენ ბავშვები, რომლებიც მომავალში დაიბადებიანო“, – ნათქვამია პრესრელიზში, რომელსაც იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ ავრცელებს.

მსგავსი თემები