გაერო „ხალხის ძალის“ კანონპროექტით შეშფოთებულია და მთავრობას მოუწოდებს თავიდან აიცილოს დემოკრატიის შეფერხება

„საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი და თავიდან აიცილოს ისეთი ქმედებები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ქართულ დემოკრატიას და შეაფერხებს ან შეანელებს საქართველოს განვითარების მხარდაჭერას”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა „ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ავრცელებს.

საუბარია კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ,“ რომელიც „ხალხის ძალამ“ პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა.

„სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის სტიგმატიზაციამ შესაძლოა, დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფები სათანადო დახმარების გარეშე დატოვოს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, დევნილები, უმცირესობათა წარმომადგენლები, ხანდაზმულები, ქალები, ახალგაზრდები, ბავშვები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი და სხვა ადამიანები, რომელთაც ეფექტიანი მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება. კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ისეთი უფლებების პატივისცემასა და დაცვას, როგორიცაა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება, კონფიდენციალურობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა“ – აღნიშნულია გაეროს განცხადებაში.

გაერო საქართველოს მთავრობას მიმართავს, მიიღოს ქმედითი ზომები, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები არ შეფერხდეს.

„მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს მოიძიოს სამართლებრივი მოსაზრებები აღნიშნულ კანონპროექტზე კომპეტენტური რეგიონული და საერთაშორისო ორგანოებისგან, გაითვალისწინოს უკვე არსებული მოსაზრებები მსგავსი კანონმდებლობის შესახებ და ჩაატაროს ფართო, ინკლუზიური და შინაარსიანი კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რომელზეც ამ კანონპროექტის მიღება შესაძლოა აისახოს.

მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში ქვეყნის სტრატეგია, რომელსაც ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად მოვაწერეთ ხელი… მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რომ თავიდან აიცილოს ისეთი ზომები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ქართულ დემოკრატიას და შეაფერხებს ან შეანელებს საქართველოს განვითარების მხარდაჭერას”, – აღნიშნულია გაეროს განცხადებაში.

 

მსგავსი თემები