„სადაც უნდათ, რამდენჯერაც უნდათ, როგორც უნდათ, ვისთან ერთადაც უნდათ იმდენი აქცია გამართონ“ – წულუკიანი ოპოზიციაზე

27 თებერვლიდან, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი კომეტარს აკეთებს. როგორც მინისტრი აცხადებს, მათ არავითარი პროცესების მართვა შეუძლიათ და სადაც უნდათ, ვისთანაც უნდათ და რამდენიც უნდათ იქ გამართონ აქცია.

„სადაც უნდათ, რამდენჯერაც უნდათ, როგორც უნდათ, ვისთან ერთადაც უნდათ იმდენი აქცია გამართონ და უნდა გამართონ, რადგან ეს უზრუნველყოფილია კონსტიტუციით. მეორე საქმეა, ეს აქციები მათთვის რას მოიტანს ან სახელმწიფოში რა ცვლილებებს ჩაუყრის საფუძველს. ვფიქრობ, არაფერსაც არ მოიტანს, რადგან მათ ბოლომდე დაკარგული აქვთ ამომრჩევლის ნდობა, საზოგადოების ნდობა. ვხედავთ, ერთმანეთშიც კი ვერ თანხმდებიან“ – აცხადებს კულტურის მინისტრი.

მინისტრის შეფასებით, „ტაკიმასხარას“ არავინ ენდობა და არც არაფერი შეუძლია.

„ლიდერების რეპუტაციას და ავტორიტეტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, როდესაც შენ გაქვს პრეტენზია, რომ ხალხი გააერთიანო და შემდეგ რაღაც ცვლილებებს ჩაუყარო საფუძველი სახელმწიფოში და ხარ ტაკიმასხარა, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ „ნაციონალური მოძრაობის“ ვითომ თავმჯდომარეს, რა თქმა უნდა, ძნელია, რამე ცვლილებას ჩაუყარო აქციების სახით საფუძველი“ – აღნიშნა მან.

 

მსგავსი თემები