2 წლის ბავშვზე ძალადობისა და მოტეხილობის მიყენებისთვის ბავშვის მამას ბრალდება წარუდგინეს

 

საქართველოს პროკურატურამ, საკუთარ შვილზე განხორციელებული  განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბავშვის მამას ბრალდება წარუდგინა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 თებერვალს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთში ბრალდებულმა ასაკის გამო უმწეო მდგომარეობაში მყოფ ორი წლის შვილზე იძალადა, რის შედეგადაც მცირეწლოვანმა სხეულზე მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობები მიიღო. დაზარალებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში 23 თებერვალს გადაიყვანა და მისი მკურნალობა ამ დრომდე მიმდინარეობს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 24 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 117-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

2 წლამდე ბავშვს, რომელზეც მამა ძალადობდა, ხელიც ჰქონდა მოტეხილი და არავინ დახმარებია  

მსგავსი თემები