„ძალიან ვდარდობ, რომ თქვენთან არ ვდგავარ და განსაკუთრებით იმას, რომ კიევში არ ვარ“ – სააკაშვილის მიმართვა

პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე, უკრაინის სოლიდარობის აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართვა. მესამე პრეზიდენტის მიმართვის ტექსტი წალენჯიხის მერმა – გიორგი ხარჩილავამ წაიკითხა.

საუკეთესნო ქართველთა შორის და ჩემო საყვარელო უკრაინელებო – უკრაინა უკვე გამარჯვებულია და ის იწვევს ოლიგარქის და მისი ამფსონების სრულ პანიკას. მე, როგორც ქართველმა და უკრაინელმა პოლიტიკოსმა და ზელენსკის თანამებრძოლმა, ვიცი, რომ პრეზიდენტ ზელენსკის განსაკუთრებით უყვარს საქართველო და არავითარ შემთხვევაში გასაჭირში არ მიატოვებს ქართველ ხალხს უკრაინის გამარჯვების შემდეგ. მთავარია, ჩვენ ვიდგეთ ძლიერად და გავერთიანდეთ მიუხედავად ყველა განსხვავებისა.

მოვლენები გაცილებით სწრაფად განვითარდება, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია და ეს სამარცხვინო პერიოდი საქართველოსთვის საბოლოოდ ჩაბარდება ისტორიას. ძალიან ვდარდობ, რომ თქვენთან არ ვდგავარ და განსაკუთრებით იმას, რომ კიევში არ ვარ, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ მოვლენათა განვითარებით. მსოფლიო მანქანა ბოლომდე ამუშავდა და გადაწყვიტა პუტინის რეჟიმის განადგურება, მოკავშირეების დასჯა. ამას უკვე წინ ვერავინ აღუდგება… დღეს წყდება საკითხი, საქართველო აზიაა თუ ევროპა. აზია არის ოლიგარქატი, დესპოტია, გაჭირვება, ევროპა კი არის თავისუფლება, დემოკრატია, სადაც პიროვნება უფრო მაღლა დგას, ვიდრე მთავრობა. საქართველოში რუსეთმა და მისმა დამქაშებმა უკვე დააყენეს აზიის მყრალი სული. ძალადობის, სიცრუის, პიროვნების უპატივისმცემლობის, სიბნელის, გაუნათლებლობის. დროა, საქართველო განიავდე”, – წერს სააკაშვილი.

 

მსგავსი თემები