„ომის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვებაა“ – ევროკავშირის ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი უკრაინის ომთან დაკავშირებით მორიგ შეფასებას აკეთებს და ყველა ჯერზე იმეორებს, რომ ეს ომი უკრაინის გამარჯვებით უნდა დასრულდეს და დასრულდება კიდეც.

ელჩის თქმით, ამ ომმა მსოფლიო რუსეთის დაგმობის კუთხით გააერთიანა და საქართველოც ამ ერთობის ნაწილია.

„ჩვენ კიდევ ერთი რეზოლუცია მივიღეთ, სადაც ვგმობთ და იზოლაციაში ვაქცევთ რუსეთს. მოხარული ვარ, ამ რეზოლუციის ერთ-ერთი კონტრიბუტორი საქართველოც იყო. საერთაშორისო საზოგადოება გაერთიანებული და მონდომებულია, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს ამ ომში. ყველა ქვეყანას საკუთარი კონტრიბუცია შეაქვს ისე, როგორც შეუძლია. საქართველო ამ ძალისხმევის ნაწილია. ჩვენ საქართველოს მხარდაჭერის იმედი გვაქვს და იმედი გვაქვს, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდება. ომის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვებაა“ – აღნიშნა ელჩმა.

მისივე შეფასებით, უკრაინა ევროკავშირს მალე შეუერთდება.

„უკრაინელების ძალისხმევას მხარს ვუჭერთ. საგარეო პოლიტიკა საქართველოს გადასაწყვეტია. ჩვენი გადმოსახედიდან ნამდვილად მოხარული ვართ, რომ საქართველო რუსეთის იზოლაციისა და დაგმობის ფართო საერთაშორისო ძალისხმევის ნაწილია. უკრაინას აქვს კანდიდატის სტატუსი, რომ შეუერთდეს ევროკავშირს. იმედი გვაქვს,  მიმდინარე წლის დეკემბერში ჩვენ შეერთების შესახებ მოლაპარაკებებს დავიწყებთ. ეს დაუჯერებელია. უკრაინის მთავრობა ბევრს მუშაობს, რომ ეს მოხდეს“ – აცხადებს ელჩი.

 

მსგავსი თემები