„ხალხის ძალის“ კანონპროექტი არ არის ამერიკული კანონის ანალოგი, ეს არის რუსული კანონი – კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი არ არის ამერიკული კანონის ანალოგი.

მისი თქმით, ეს არის რუსული კანონი, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებას,  სიჩუმეს, ხმებისა და სხვადასხვა შეხედულებების შემცირებას.

„ეს კანონპროექტი არ არის ამერიკული კანონის ანალოგი. ამერიკული კანონი მიმართულია ლობიზმსა და ფირმებზე, რომლებიც დაქირავებული არიან უცხოური ქვეყნების მხრიდან, რათა ამ უცხოური ქვეყნების პოლიტიკური ინტერესი წარმოადგინონ. ეს კანონპროექტი არ ეხება ამას. ეს კანონპროექტი არის რუსული კანონი, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებას, მიზნად ისახავს სიჩუმეს, ხმებისა და სხვადასხვა შეხედულებების შემცირებას.

ეს კანონი შეაჩერებს ქართველებს, რომლებიც ეხმარებიან სხვებს ქართული საზოგადოების გაუმჯობესებაში. ეს კანონი შეაჩერებს ქართველების საჭიროებების უცხოურ, კანონიერ მომსახურებას. ეს კანონი შეაჩერებს დამოუკიდებელ, ცოცხალ სექტორს, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებებთან მუშაობენ, რომლებიც ხელმისაწვდომს ხდიან სერვისებს ოჯახებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებსაც მხარდაჭერა სჭირდებათ და რომელთა მხარდაჭერასაც ამ კონკრეტულ მომენტში მთავრობა ვერ უზრუნველყოფს. ეს კანონი შეაჩერებს სამედიცინო კვლევას, რომელიც თანადაფინანსებულია დონორებისა და უნივერსიტეტების მიერ. ეს კანონი შეაჩერებს ტურისტულ სააგენტოებსა და ასოციაციებს, ფერმერულ ასოციაციებს, შეაჩერებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც კლიმატის ცვლილებებზე, გარემოზე მუშაობენ. სია გრძელია, რომელზეც ამ კანონს გავლენა ექნება. ჩემი შეკითხვა, რეალური კითხვა ასეთია, სჭირდება საქართველოს ასეთი კანონი, როდესაც უკვე ასეთი გამჭვირვალობა, ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა და ასეთი სანდო კომუნიკაციაა დონორებსა და ორგანიზაციებს შორის, რომელთა მიზანი საქართველოს საზოგადოების გაუმჯობესებაა“, – განაცხადა დეგნანმა.

მსგავსი თემები