,,ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკომპრომისოა უკრაინის მხარდაჭერაში”- შალვა პაპუაშვილი

ნატო-სა და ევროკავშირის სამხედრო და ეკონომიკური დაცვის გარეშე მყოფი და თავად სასიცოცხლო უსაფრთხოების რისკის წინაშე მდგარი ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკომპრომისოა უკრაინის მხარდაჭერაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ორბელიანების სასახლეში, უკრაინის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ომის დაწყების დღიდან ურყევად, უპირობოდ დგას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით.

,,საქართველო ომის დაწყების დღიდან ურყევად და უპირობოდ დგას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით. ნატო-სა და ევროკავშირის სამხედრო და ეკონომიკური დაცვის გარეშე მყოფი და თავად სასიცოცხლო უსაფრთხოების რისკის წინაშე მდგარი ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკომპრომისოა უკრაინის მხარდაჭერაში. ქართველი ხალხის სოლიდარობა და თანადგომა ჩვენს უკრაინელ კოლეგებს გამოვუცხადეთ კიევში, ბუჩასა და ირპინში ვიზიტისას, საქართველოს პარლამენტმა ვუმასპინძლეთ ომით დაზარალებული ოჯახებიდან ბავშვების რამდენიმე ჯგუფს. ომსა და ნგრევას გამორიდებული ბევრი უკრაინელისთვის უკრაინაში მშვიდობის აღდგენამდე საქართველო გახდა მათი მეორე სამშობლო. ეს თანადგომა მომავალშიც ურყევად გაგრძელდება.

გუშინ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ჩვენი თანაავტორობით ინიციირებული რეზოლუცია და ამ რეზოლუციის სულისკვეთებით, ამ ტრიბუნიდანაც მოვითხოვთ რუსეთისგან, დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიიდან და პატივი სცეს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის გმირულ ბრძოლაში ვუსურვებ გამარჯვებას. Слава Україні“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები