,,რუსეთი მის მიერვე გამოცხადებულ საომარ მიზნებში უკვე დამარცხებულია”- სალომე ზურაბიშვილი

,,რუსეთი მის მიერვე გამოცხადებულ საომარ მიზნებში უკვე დამარცხებულია. ვერც უკრაინის მთავრობა გადააყენა, ვერც ხალხის მოთმინება ამოწურა, ვერც საერთაშორისო მხარდაჭერა შეასუსტა,”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, დღეს მთელმა ევროპამ გააცნობიერა საიდან მოდის საფრთხე და რომ დღეს უკრაინა იცავს არა საკუთარ თავისუფლებას, არამედ იცავს ყველას თავისუფალ მომავალს.

,,ერთი წელია რაც რუსეთმა უკრაინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენობის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, ერთი წელია რაც უკრაინელი ხალხი ერთობლივად და არნახული შემართებით უძლებს განუწყვეტელ შეტევას, დაბომბვას, დესტრუქციას, ქალაქების, სოფლების, ადამიანების, სამხედრო თუ სამოქალაქო პირების განადგურებას, ერთი წელია რაც მიმდინარეობს რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი ყველა საერთაშორისო ჰუმანიტარული პრინციპებისა და კონვენციების დარღვევით და უგულებელყოფით. ერთი წელია რაც უკრაინამ მთელ მსოფლიოს მაგალითი მისცა პოლარიზაციის დღევანდელ პირობებში თუ რას ნიშნავს ერთობა და ერთი მიზნის ირგვლივ ხალხის გაერთიანება, ამ მიზანს კი უკრაინა ჰქვია.

ამ შემართებამ და ერთიანობამ შედეგიც გამოიღო – რუსეთი მის მიერვე გამოცხადებულ საომარ მიზნებში უკვე დამარცხებულია. ვერც უკრაინის მთავრობა გადააყენა, ვერც ხალხის მოთმინება ამოწურა, ვერც საერთაშორისო მხარდაჭერა შეასუსტა, პირიქით, უკრაინის ხელისუფლებისა და პრეზიდენტის მიმართ ნდობა და მხარდაჭერა დღითი დღე იზრდება, არნახული სოლიდარობა, არნახული დახმარება არა მხოლოდ სიტყვიერი, არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ყველა შესაძლო რესურსით. რუსეთისთვის კიდევ უფრო მოულოდნელი აღმოჩნდა დასავლეთის დემოკრატიული სამყაროს საოცარი ერთობა რომელსაც ვერც ენერგოშანტაჟმა ვერც ბირთვულმა შანტაჟმა და ვერც ეკონომიკურმა კრიზისმა ვერ გადაათქმევინა მხარდაჭერა და ვერ შეაცვლევინა პრინციპული სოლიდარობა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ომმა ერთგვარად ახალი, თვითდაჯერებული და ძლიერი ევროპა წარმოშვა, რომელიც აქამდე სტრატეგიულად ვერ ყალიბდებოდა. დღეს მთელმა ევროპამ გააცნობიერა საიდან მოდის საფრთხე და რომ დღეს უკრაინა იცავს არა საკუთარ თავისუფლებას, არამედ იცავს ყველას თავისუფალ მომავალს!”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები