,,პუტინის მსგავს დიქტატორებს ავიწყდებათ ჭეშმარიტება, “ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია” – აშშ-ის საელჩო

,,კიევი დგას, უკრაინელი ხალხი არნახული სიმამაცით იბრძვის და დასავლეთი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს,”- ასე ეხმიანება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უკრაინაში ომის წლისთავს.

საელჩოს თქმით, ერთი წლის წინ პუტინი დარწმუნებული იყო, რომ კიევი ერთ დღეში დაეცემოდა, მის ჯარს უკრაინელი ხალხი ყვავილებით შეეგებებოდა და დასავლეთი მის საქციელზე თვალს დახუჭავდა.

„ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით მტრის ხატის შექმნა და მასთან ბრძოლა დიქტატორების შეუცვლელი სტრატეგიაა. ასევე არახალია, რომ დიქტატორები ერთმანეთის შეცდომებს იმეორებენ.

პუტინი საკუთარ ხალხს ეუბნება, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო მათი მტერია, რომ მხოლოდ ის დგას ჭეშმარიტების გზაზე. პუტინის მტერია ფეხმძიმე ქალები, რომლებსაც სამშობიაროში ბომბავს, პატარა ბავშვები და მოხუცები, რომლებიც თავშესაფრებში ერთმანეთს სიმღერით ამხნევებენ და ადამიანები, რომლებიც ირჩევენ თავისუფლებას.

ერთი წლის წინ პუტინი დარწმუნებული იყო, რომ კიევი ერთ დღეში დაეცემოდა, მის ჯარს უკრაინელი ხალხი ყვავილებით შეეგებებოდა და დასავლეთი მის საქციელზე თვალს დახუჭავდა. მაგრამ კიევი დგას, უკრაინელი ხალხი არნახული სიმამაცით იბრძვის და დასავლეთი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს.

პუტინის მსგავსი დიქტატორები იმეორებენ შეცდომას, რადგან მათ ავიწყდებათ ის ჭეშმარიტება, რომელიც საუკუნეების წინ რუსთაველმა გენიალურად ჩამოაყალიბა: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

მსგავსი თემები