დაუყონებლივ, სრულიად და უპირობოდ გაიყვანოს რუსეთმა საკუთარი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან – გაერომ რეზოლუცია მიიღო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია და რუსეთს მოუწოდა დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან.

დოკუმენტი რუსეთის ფედერაციისადმი მოიცავს შემდეგ მოთხოვნას – „დაუყონებლივ, სრულიად და უპირობოდ გაიყვანოს საკუთარი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში”.

ამასთან, რეზოლუცია მოითხოვს პასუხისმგებლობის დაკისრებას უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს ჩადენილი სერიოზული დანაშაულებისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანობა მსხვერპლთათვის და მოხდეს მომავალში სხვა დანაშაულების პრევენცია.

რეზოლუცია ასევე მოიცავს მოწოდებას „დაუყონებლივ შეწყდეს უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურებზე თავდასხმები“ და უზრუნველყოფილი იყოს სამხედრო ტყვეებისადმი შესაბამისი მოპყრობა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სრულად შესრულება.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა გაეროს 193 წევრი ქვეყნიდან 141-მა, მათ შორის საქართველომ.

7 ქვეყანა რუსეთი, ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, ერიტრეა, მალი, ნიკარაგუა და სირია წინააღმდეგ წავიდა. 32-მა კი თავი შეიკავა.

მსგავსი თემები