ვაკის პარკის ტრაგედიისთვის დაკავებული 9-ვე ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობები და ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9-ვე პირი პატიმრობაში დატოვა. ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფთათვის 10 000-10 000-ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.

დაკავებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ. როგორც  ერთ-ერთმა დაკავებულმა, „მშენ-ექსპერტის“ ექსპერტმა დავით თუშიშვილმა განაცხადა, მას საერთოდ არც ევალებოდა ის, რასაც ედავებიან.

„პროკურორებთან მაქვს რიტორიკული კითხვა, თვითონ თუ სარგებლობენ ისეთი საექსპერტო მომსახურებით, რომელსაც ბრალდება აქვს წარდგენილი? ჩვენს კომპანიას მხოლოდ ფაქტობრივ დანახარჯებთან დაკავშირებით დასკვნის შედგენა შეეძლო, ვინ მავალდებულებდა იქ უსაფრთხოება შემემოწმებინა? დასკვნა მერიაში, პროკურატურაში მივიდა, წაეკითხათ. მედავებიან იმას, რაც არ ჩამიდენია”, – განაცხადა დავით თუშიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი – ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე დაშავდა.

 

მსგავსი თემები