,,პროპაგანდისტულ ომში საქართველოს ხელისუფლება არის მარტო, მიტოვებული” – შალვა პაპუაშვილი

,,პროპაგანდისტულ ომში სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება მარტო არის მიტოვებული ოპოზიციის ნაწილისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან,”– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ”ყველას შეუძლია, დღესაც ჩაერთოს ომში, მაგრამ ყველა ირჩევს მშვიდობას, ამიტომაც საქართველო რა თქმა უნდა, ირჩევს მშვიდობას.”

„საქართველოს ხელისუფლება სამწუხაროდ, ამ მხრივ ვერ არის ოპოზიციის დიდი ნაწილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილის იმედზე, ჩვენი ხელისუფლება ამ ომში მარტო არის მიტოვებული, მაგრამ ხედავთ, ხელისუფლება ხალხის მხარდაჭერით იმდენად ძლიერად არის, რომ ყველა ეს პროპაგანდისტული თავდასხმა მოიგერიოს. ბოლო პერიოდში კიდევ ერთხელ მიდის საუბარი მშვიდობაზე, თითქოს მშვიდობისა და თავისუფლების დაპირისპირებაა, თითქოს დღეს საქართველო დგას არჩევანის წინაშე მშვიდობა თუ თავისუფლება, სადაც მშვიდობა და ომი არის, ომი ჩაანაცვლეს თავისუფლებით, ეს არის სწორედ ცრუ დილემა. ტოლობის ნიშანს სვამენ ომსა და თავისუფლებას შორის, თუკი ავირჩევთ თავისუფლებას ე.ი. ავირჩევთ ომს, ასეთ ცრუ დილემებს გვთავაზობენ. სინამდვილეში დღეს არის არჩევანი, მაგრამ არა ცრუ არჩევანი, თითქოს მშვიდობასა და თავისუფლებას შორის, არამედ არჩევანი არის მშვიდობასა და ომს შორის, ეს არჩევანი უდგას ყველა ქვეყანას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას. ნატო-ს წევრ ქვეყნებსაც უდგათ ეს არჩევანი, ყველას შეუძლია, დღესაც ჩაერთოს ომში, მაგრამ ყველა ირჩევს მშვიდობას, ამიტომაც საქართველო რა თქმა უნდა, ირჩევს მშვიდობას.  ჩვენ არ გვაქვს ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგა, არ გვაქვს ევროკავშირის უსაფრთხოების ქოლგა, ჩვენ ვართ სამჯერ ნაომარი რუსეთთან, ამიტომ ქვეყნებს, რომლებიც ამ ქოლგის ქვეშ არიან შეფარებული, ნატო იქნება თუ ევროკავშირი, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ ისინიც კი არ ებმებიან ომში, ამიტომ არჩევანი ნამდვილად არის მშვიდობასა და ომს შორის, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანა, ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები