„პუტინმა ბჟანია არ მიიღო, ის ძალიან დაბალ დონეზე მიიღეს,  შემდეგ  კი მინსკში გადაამისამართეს“ – ჯემალ გამახარია

„მოსკოვი ძალიან უკმაყოფილოა იმით, რომ მიუხედავად ბჟანიას დიდი მცდელობისა, ბიჭვინთის აგარაკების შესახებ 2022 წლის იანვარში დადებული შეთანხმების რატიფიკაცია დღემდე ვერ ხერხდება“ – აცხადებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

მისი შეფასებით, აფხაზური საზოგადოების  90%  კატეგორიულად ეწინააღმდეგება  იმ დოკუმენტის რატიფიცირებას, რომელიც დე  ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთის ხელისუფლებას შორის გაფორმდა და  ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის  რუსეთის საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს.

„რა ხდება აფხაზეთის, ბჟანიას თავს?  რატომ არ იღებს მას პუტინი, მთავრობის თავმჯდომარე, ან რომელიმე მინისტრი?  რაშია საქმე?  ჩემი აზრით,  მოსკოვი ძალიან უკმაყოფილოა იმით, რომ მიუხედავად ბჟანიას დიდი მცდელობისა, ბიჭვინთის აგარაკების შესახებ 2022 წლის იანვარში დადებული შეთანხმების რატიფიკაცია დღემდე ვერ ხერხდება“ – აღნიშნა გამახარიამ.

მისი თქმით,  პუტინმა ბჟანია არ მიიღო, ის ძალიან დაბალ დონეზე მიიღეს,  შემდეგ  კი მინსკში გადაამისამართეს.

„შეხვედრა  მინსკში ყველამ ვიხილეთ.  ვნახეთ,  რომ ბატონი ლუკაშენკო მაგიდის თავში  იჯდა,   ბჟანია და არძინბა, როგორც  ბელარუსის  რომელიღაც რეგიონის ხელმძღვანელები, ისე ისხდნენ და  ბატონ ლუკაშენკოს უსმენდნენ.   ამ შეხვედრასთან დაკავშირებით მოვისმინეთ საქართველოს მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს,  პრეზიდენტის განცხადებები,   ასევე  ის განცხადებები, რომელიც პარლამენტში გაკეთდა.  ბუნებრივია, ჩვენ ამას ვეთანხმებით. დასაგმობია, როდესაც დამოუკიდებელი ქვეყნის ხელმძღვანელი,  ამ შემთხვევაში  ლუკაშენკო  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. ხელმძღვანელებს ხვდება. ეს ძალიან ცუდი ფაქტია,  ესაა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი უპატივცემულობის გამოხატულება. ეს ყველაფერი დასაგმობია,  მაგრამ,  არის  ერთი „მაგრამ“:  ვიცით რა მდგომარეობაშია  თავად ლუკაშენკო, რომელიც  პროცესებს დამოუკიდებლად ვერ მართვას. ის თავიდან ბოლომდე რუსეთზეა დამოკიდებული და მის  დავალებას  ასრულებს“, – განაცხადა გამახარიამ.

მსგავსი თემები