„დაზარალებულებმა დაადასტურეს, რომ ბანკზე თავდამსხმელი თანხას სახელმწიფოსგან ითხოვდა“ – ესებუას საქმის პროკურორი

,,საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებულ ბადრი ესებუას საქმის პროკურორის აცხადებს, რომ არაერთი დაზარალებული ადასტურებს თავდამსხმელის მხრიდან 500 000 დოლარის სახელმწიფოსგან მოთხოვნას.

როგორც მირანდა წერეთელმა ბადრი ესებუას დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, „ეს პირი“ ითხოვდა ხელისუფლების გავლენიანი პირის დაკავშირებას.

,,დაზარალებულებმა, რომლებიც უშუალოდ მძევლები იყვნენ, ცალსახად დაადასტურეს, რომ თავდამსხმელი პირი სახელმწიფოსგან ითხოვდა 500 000 ამერიკულ დოლარს. პირები, რომლებიც იყვნენ მძევლები და პირველი სართულიდან, მეოთხე სართულიდან, მესამე სართულამდე ჩამოიყვანა თავდამსხმელმა. მათი თანდასწრებით ხორციელდებოდა დაკავშირება მედია საშუალებებთან, მათ შორის 112-თან, მათ ცალსახად დაადასტურეს. რაც მოვისმინე, ეს პირი ითხოვდა ხელისუფლების გავლენიანი წარმომადგენლის დაკავშირებას, ეს პირი, ამ შემთხვევაში იყო პოლიციის უფროსი, რომელიც მას დაუკავშირდა. მას მოსთხოვა უშუალოდ თანხა 500 000 ამერიკული დოლარის ოდენობით. ეს ნიშნავს იმას, რომ ის სახელმწიფოსგან ითხოვდა ამ თანხას“, – განაცხადა მირანდა წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ ბადრი ესებუას მორიგი სასამართლო ზუგდიდში დღეს გაიმართა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

მსგავსი თემები